გარდაცვლილად მთვლიდნენ, საკურთხს აკეთებდნენ ჩემს სახელზე – კიდევ ერთმა ადამიანმა ბიოლოგიური ოჯახი იპოვა

21 წლიანი ძიების შემდეგ კიდევ ერთმა ადამიანმა იპოვა ბიოლოგიური ოჯახი. როგორც ლიკა ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს ექიმმა მის შესახებ ოჯახს უთხრეს რომ გარდაიცვალა, შემდეგ კი ბავშვი გააშვილეს.

“გამარჯობა <3
აი, მეც დავასრულე 21 წლიანი ძიება და ვიპოვე ბიოლოგიური ოჯახი!
როგორც ადრე აღვნშნე, ყველა ინფორმაცია ჩემს შესახებ, რასაც აქამდე ვფლობდი, ყალბი იყო, რეალობას სრულიად აცდენილი.
რეალობა კი ასეთია: დავიბადე 1981 წლის 14 აგვისტოს ზესტაფონის სამშობიარო სახლში, ჯანმრთელი ბავშვი, 1981 წლის 16 აგვისტოს „გარდავიცვალე“, 1981 წლის 18 აგვისტოს დარეგისტრირდა ჩემი გარდაცვალების ფაქტი, 1981 წლის 19 აგვისტოს „აღვსდექი მკვდრეთით“ და ეს „გაცოცხლებული“ ბავშვი გადამიყვანეს ქუთაისის ბავშვთა სახლში, საიდანაც 4 თვის ასაკში, 1981 წლის დეკემბერში ამიყვანეს ჩემმა მშობლებმა.
ბიოლოგიურ დედას უთხრეს მე-5 დღეს, რომ ბავშვი ხელიდან გადაუვარდათ და მოკვდა! დაკრძალვის თანხაც გადაახდევინეს ოჯახს. ცოცხალი რომ იყოს ამ „სცენარის“ ავტორი, ვკითხავდი სად ვარ დასაფლავებული, მაგრამ მისთვის საბებდნიეროდ მკვდარია.
ამ ჯგუფის არსებობამდე ბიოლოგიური ოჯახი არ მეძებდა იმიტომ, რომ გარდაცვლილად მთვლიდნენ, საკურთხს აკეთებდნენ ჩემს სახელზე და ჩემს ხსოვნას ამბობდნენ, ლოდიკურიცაა. წარმოდგენაც არ ჰქონდათ ჩემი ამ ქვეყნად არსებობის შესახებ.
საბედნიეროდ, ბიოლოგიურ ოჯახშიც ძალიან გამიმართლა, ძალიან კარგი ადამიანები არიან, თბილი, მოსიყვარულე, წესიერი. მოკლედ, იღბლიანი გოგო ვარ, კარგ ოჯახში გავიზარდე, ასევე კარგი ოჯახის შვილი ვყოფილვარ და შეიძლება ვინმეს უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ არ ვნანობ საკუთარ „გარდაცვალებას“ და „მკვდრეთით აღდგომას“. მიმიღეს ხელგაშლილი და ჩამიხუტეს თბილად, თუმცა ჯერ ყველაფერი წინაა.

დასაწყისში აღვნიშნე, რომ 21 წელი ვეძებდი, მაქსიმალური რესურსით, ყველა კანონიერი გზით და გამოკითხვით, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ყველა მონაცემი გაყალბებული იყო, ვერ გავედი ოჯახის კვალზე და ასე გაგრძელდებოდა მარადიულად რომ არა ჩემი და, Tamuna Museridze, ამ ჯგუფის დამფუძნებელი და სულის ჩამდგმელი, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ყველაფრისთვის, ჩემი და ჩემი ოჯახების სახელით, ასევე მადლობას ვუხდი ჯგუფის გოგოებს (ადმინისტრატორებს), რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უცხო ადამიანების ოჯახების აღსადგენად. რომ არა ეს ჯგუფი და რომ არა გენეტიკური ტესტი, ვერასოდეს გავიცნობდი ჩემს ბიოლოგიურ ოჯახს.
ყველას გისურვებთ წარმატებას და დასახული მიზნების მიღწევას, არასოდეს დანებდეთ, არც ერთი წამით, შეიძლება ბევრი იმედგაცრუება შეგხვდეთ ამ უდიდეს გზაზე, მაგრამ არ შეწყვიტოთ სვლა! რაც მთავარია გაიკეთეთ გენეტიკური ტესტი, მხოლოდ ფურცლებს ნუ ენდობით, ფურცლების მიხედვით საკუთარი გარდაცვალების ამონაწერი მაქვს და მალე გარდაცალების მოწმობასაც ავიღებ, გარდაცვლილის პირობაზე ძალიან ცოცხალი ვარ 
მადლობას გიხდით ყველას გულშემატკივრობისთვის, თბილი სიტყვებისთვის და კეთილი სურვილებისთვის.
[ფოტოებზე ჩემი ახალი ოჯახის ნაწილია]
The end” – წერს ჯგუფში “ვეძებ” ლიკა ჯიშკარიანი.