ვინ არის და რას ჰყვება ქალი, რომელიც 54 წლის ასაკში დედა გახდა? – “უნდა მიხვიდე ბოლომდე… გვიან გავთხოვდი, 47 წლის ასაკში”

ნატო მელიქიშვილი 54 წლის ქალია, რომელიც დედა ახლახან გახდა. მას ქალიშვილი ეყოლა, რომელსაც მარიამი დაარქვა.

რამდენიმე დღის წინ ეს სასიხარულო ამბავი სოციალურ ქსელში ერთ-ერთმა კლინიკამ გაავრცელა, სადაც ნატო მელიქიშვილმა იმშობიარა.

ამჯერად იგი და მისი პატარა გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს” ობიექტივში მოხვდა, სადაც დედის ამპლუაზე და აღნიშნულით გამოწვეულ ბედნიერებაზე ისაუბრა.„მოსაფერებლადაც მენანება და მეცოდება, რომ არ შევაწუხო. დაიბადა და ტირილის ხმა რომ გავიგონე მეც მინდოდა რომ მეტირა. ეგ შეგრძნება ღირს ყველაფრად. ვარ 54 წლის დედა გავხდი ერთი კვირის წინ მარიამის. ყოველი დღე არის ბედნიერების მეტი და მეტი.

გვიან გავთხოვდი 47 წლის ასაკში და მოლოდინი გვქონდა მაგრამ არ გამოდიოდა. სულ რაღაც 9 თვის წინ შევიტყვეთ მარიამის ამბავი. შიში იმისი, რომ ასაკი გვქონდა იყო ყოველთვის. თუმცა გარშემომყოფების და მეუღლის გამხნევებით ვფიქრობდი, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა. ყველაფერი უფლის ნებაა და მოვედით ბოლომდე.

როცა გავიგე ფეხმძიმობის ამბავი დედამთილი იყო სახლში და კივილით შემოვვარდი. ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს და უნდა მიხვიდე ბოლომდე. ის რომ დედა გახდე, ყველაფერი უნდა გააკეთო და უნდა გქონდეს სურვილი რა ასაკშიც არ უნდა იყო. ჩემი და ჩემი მეუღლის ცხოვრება შეცვალა და ამოაყირავა ყველაფერი. როცა გასულია სახლიდან, ფიქრში არ ვარ იმ დროს ბრუნდება და დახედავს ხოლმე. დიდი სურვილი მაქვს მყავდეს მეორე კი არა და მესამეც. მადლობა მარიამ ამ ბედნიერებისთვის”, – აღნიშნა ნატო მელიქიშვილმა.