რამდენიმე დასავლური ქვეყნის შემდეგ, რუსეთსა და უკრაინაშიც შემოჰკრეს განგაშის ზარები მშობლებმა, რადგან სულ უფრო მეტი მოზარდი ინტერესდება ახალი საშიში სუბკულტურით, რომელსაც კვადრობიკა ეწოდება, მის მიმდევრებს კი – კვადრობერები. მოზარდები ცხოველებივით (ძირითადად, კატისებრთა ოჯახის წარმომადგენლებივით) იმოსებიან, ოთხზე დადიან, ხტუნავენ, ხვეწავენ ილეთებს, იკვებებიან კატის საჭმლით, კნავიან და ა.შ. ზოგიერთ მათგანს მშობელიც ხელს უწყობს ამგვარ გატაცებაში და მშობლებს საბელზე გამობმული, ცხოველივით დაჰყავთ ქუჩაში.
თავდაპირველად ყველას ეგონა, რომ ეს გატაცება პატარა გართობა იყო, რომელიც მალე გაივლიდა, თუმცა ბავშვების რაოდენობაც მომრავლდა, სულ უფრო და უფრო იხვეწება სიარულის მანერა, სირბილი, ხტომა, ერთმანეთს ეჯიბრებიან, ვინ უკეთ შეიმოსება, ვინ უკეთ იმოძრავებს ოთხზე, ვინ უკეთ იკნავლებს და ა.შ. ყიდულობენ ნიღბებს კუდებს, პატარა სახლებსაც კი, რომლებშიც ცხოველებივით ძვრებიან, კატის საჭმელებს, საბელებს და ა.შ. ბაზარზე უკვე უამრავი ნივთია ამ გატაცების მქონე მოზარდებისთვის, ინტერნეტსივრცეში კი უამრავი ვიდეო, ტუტორიალებისა და შეჯიბრებების ჩათვლით.
ის, რაც თავიდან უწყინარ ჰობის ჰგავდა, უკვე სერიოზულად აშფოთებს ფსიქოლოგებს და უამრავ მშობელს. დეგრადაციისა და სერიოზული გადახრებისკენ მიმავალი ეს ნაბიჯები არაფერ კარგს არ უქადის მოზარდებს. ცოტა ხნის წინ კრასნოდარში მოზარდმა ძაღლის ნიღბით და კუდით, პატარა ბავშვს უკბინა, ხოლო ერთ-ერთ ქალაქში დედამ თავისი “ფისო” შვილი ვეტკლინიკაში მიიყვანა, რომ მისთვის აცრა გაეკეთებინათ და როცა უარი უთხრეს, სკანდალი მოაწყო..
ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამგვარი კულტურის გავრცელებას ხელი შეუწყო ორმა ფაქტორმა – პირველ რიგში, ბავშვებისთვის, მოზარდებისთვის დამახასიათებელია გარკვეული ჯგუფებით დაინტერესება, სადაც მათ ინტერესებს იზიარებენ და სადაც გამორჩეულები იქნებიან. იქნება ეს ემო, გოთები თუ ა.შ. ასეთი ტიპის გატაცება არ არის საშიში, რადგან ბევრი ადამიანი, რომელიც მოზარდობისას მიეკუთვნებოდა რომელიმე ამგვარ სუბკულტურას, შემდეგ ჩვეულებრივ განაგრძო ზრდასრული ცხოვრება და ჩვეულებრივ მოქალაქედ იქცა.
თუმცა როდესაც მსგავსი სუბკულტურებისადმი ლტოლვა გამოწვეულია ფსიქოლოგიური პრობლემებით, ეს ბევრად საშიშია.ყველაზე ხშირად პრობლემა ისაა, რომ ბავშვებს არ ყოფნით მშობლის ყურადღება და სიყვარული. ან განიცდიან მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს, დეპრესიას და ასე ემალებიან ყოველდღიურობას, რეალობას. ასევე ხშირია, როდესაც ბავშვი აპროტესტებს რაღაცას, სურს მიიპყროს მშობლების, საზოგადოების ყურადღება და ეძებს გამოსახატავ ფორმებს – რაც უფრო რადიკალური იქნება ეს ფორმა, მით უფრო მოსწონს.
როგორ უნდა რეაგირებდნენ მშობლები? პირველ რიგში, ფსიქოლოგები მშობლებს ურჩევენ, ნურც ერთ ეტაპზე ნუ შეწყვეტენ ბავშვებთან მეგობრობას, მათ მოსმენას, მათ მიმართ სიყვარულის გამოხატვას, ზრუნვას და იმის ჩვენებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანნი არიან ისინი ჩვენთვის, მიუხედავად იმისა, როგორ ისწავლიან ან რისი ნიჭი ექნებათ. თუმცა როდესაც მსგავსი შემთხვევაა, მშობელს ადეკვატური ქცევა მართებს და არც ქამრით უნდა ეცეს შვილს და არც პირიქით – აჰყვეს და დაეთანხმოს, რომ კი, ის კატაა, ძაღლი და ა.შ. ფსიქოლოგები ურჩევენ ასეთ მშობლებს, მაშინვე ჩართონ საქმეში სპეციალისტები და სათანადო დახმარება მიიღონ.
კვადრობერიკის სამშობლოდ ზოგიერთები იაპონიას მიიჩნევენ, ზოგიერთები – ამერიკას. სიტყვასიტყვით ნიშნავს აერობიკას ოთხი კიდურით, და კვადრობერები არიან ადამიანები, რომლებიც ამგვარ ვარჯიშებს აკეთებენ. თუმცა მოზარდებმა ამ “ვარჯიშებს” სუბკულტურის სახე მისცეს და ახლა კვადრობერებში მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც ცხოველების ქცევების იმიტაციას ახდენენ და მათსავით გამოიყურებიან. კვადრობიკის პირველ პოპულარიზატორად მიიჩნევენ იაპონელ სპრინტერ კენიტი იტოს, რომელმაც 2000-იანი წლების დასაწყისში მსოფლიო გააოცა მაიმუნის სირბილის ტექნიკის დახვეწით. 2008 წელს იყომ ასი მეტრი გაირბინა ოთხით 18 წამში, შემდეგ კი გააუმჯობესა შედეგები და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდა.
თუმცა როდესაც კენიტიმ ქუჩაში სცადა მსგავსი პრაქტიკა, პოლიციის განყოფილებაში მიაბრძანეს, ერთხელ კი ტყეში დარბოდა ასე და მონადირეს ტახი ეგონა, კინაღამ მოკლა. ფაქტია, იტომ პოპულარობა მოიპოვა და მიმდევრებიც გაუჩნდა.
კიდევ ერთ წინამორბედად კვადრობიკის მიიჩნევა 2010 წელს ამერიკაში გაჩენილი მიმდინარეობა Animal Flow, რომელიც შინაური და ველური ცხოველების ქცევების იმიტაციას გულისხმობდა. ასევე კვადრობიკის სასარგებლოდ იქცა 2004 წელს გამოსული ფილმი “ქალი კატა”.
პირველი ვიდეო, რომელიც 2015 წელს ინტერნეტში გავრცელდა და აღნიშნული ტექნიკის ელემენტებს შეიცავდა, იქცა “კვადრობიკის შესავლად”. ინსტრუქცია ინგლისურ ენაზეა, თუმცა მითითებული არ არის, რომელი ქვეყნიდან არის გოგონა, რომელიც სხვებს “ასწავლის” ცხოველივით სიარულს, ხტომას და ა.შ. დღეს კი ამ თემაზე და ასევე იმაზე, თუ როგორ დაამზადონ თავად ნიღაბი, კუდი და სხვა ნივთები, უამრავ ვიდეოს ნახულობენ დაინტერესებული მოზარდები….
mshoblebi.ge