ფინანსური ორგანიზაციებიდან კრედიტის აღების წესში ცვლილება შედის – ყველამ გაითვალისწინეთ

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა “ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებლის უფლებების დაცვის წესის” ცვლილებები დაამტკიცა და ის ძალაში 2024 წლის 1 ივლისიდან შევა.

შეტანილი ცვლილებების შესაბამისად, მომხმარებელს ექნება უფლება, უარი თქვას დისტანციურად დადებულ ხელშეკრულებებზე, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე. ასევე, ერთ მილიონ ლარამდე გაცემულ სესხებზე/კრედიტებზე მათი გაფორმებიდან 14 დღის განმავლობაში.

“უფრო კონკრეტულად, სესხის/კრედიტის ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემთხვევაში, გატანილი ძირის დაბრუნების გარდა, მომხმარებელი მხოლოდ გამოყენებული პერიოდის პროცენტს, ასევე, ადმინისტრაციული ორგანოსთვის და ნოტარიუსისთვის გადახდილ ხარჯებს დაფარავს”, – ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.

თუმცა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებისა და მისი გამოყენების პირობების შესახებ ინფორმაციას ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს.

ასევე, ცვლილებებით განისაზღვრა ფინანსური ორგანიზაციის ვალდებულება, საფინანსო პროდუქტის მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ხოლო ინტერნეტ და მობაილბანკში უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფორმაციისა და ხელშეკრულების განთავსება.

ცვლილებები მოიცავს ცნებების დაზუსტებასა და ახალი ტერმინების განმარტებასაც. მოიცავს გამონაკლისებსაც იმ შემთხვევებს, რომლებზეც ხელშეკრულების გაუქმების უფლება არ ვრცელდება.

გარდა ამისა, ფინანსური ორგანიზაცია ვალდებულია, მომხმარებელს დეტალურად და გასაგებად მიაწოდოს ინფორმაცია საფინანსო პროდუქტის შესახებ. პროდუქტის შეთავაზებისას და მიწოდებამდე მომხმარებელს ზეპირსიტყვიერად გააცნოს ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები. ზეპირსიტყვიერად მიწოდების ვალდებულება იხსნება იმ შემთხვევაში, თუ კომუნიკაცია ისეთი ფორმით ხდება, რაც ზეპირსიტყვიერ კონტაქტს გამორიცხავს.