“ისეთ კაცთან წავიკითხე, მისი ყოველი სიტყვის რომ მჯერა, ყოველი გამოხედვის, ეს ამბავიც მასსავით მართალი იქნება:
“დიდუბის ბაზარში, ბანანის დახლთან, ჩემ წინ, შავებში ჩაცმული შუახნის ქალი იდგა. აიღო ერთი კუნწულა და ააწონინა, 6 ლარის გამოვიდა. ერთი ცალი მომიკელი და 5 ლარამდე გამოვაო, სთხოვა გამყიდველს. გამყიდველმა აიღო და მთლიანად ჩადო პარკში და 2 ცალი ცალკე ედო, ისიც დაუმატა და მიაწოდა. გადაირია ეს ქალი, მაგრამ გაატანა მაინც და რომ მოტრიალდა, თვალი მოვკარი, გულზე ახალგაზრდა ბიჭის სურათი ეკეთა ჯვართან ერთად. ის ქალი თვალს რომ მოსცილდა, გამყიდველმა გვერდით მდგომ მეორე გამყიდველს გადაულაპარაკა, “რა იცი, ბიჭო, იქნებ, იმ ბიჭის ობლებისთვის უნდოდაო”.
ლამის ჩავეხუტე, ლამის ჩავკოცნე, გავგიჟდი…”
კეთილი ამბავია.
თუ ვინმეს რამდენიმე ბანანი ეცოტავება, წმინდაწერილისეული 2 კონდრატი გაიხსენოს, ან რა ვიცი, საკუთარი გზა მონახოს სიკეთის კეთების.
თან ამაში ხომ არც არის საქმე.
ასე, ყველამ რომ იოტისოდენა სიკეთე ჩაიდინოს, დედამიწა ერთ დღეში გადასხვაფერდება.
მე ამ პოსტის გამოქვეყნება ერთ წამში გადამაწყვეტინა ჩემი მეგობრის გულწრფელმა ემოციამ, მისმა დიდმა სიხარულმა ამ პატარა სიკეთით. აი, ბოლო ხაზი, რასაც გვეუბნება:
ლამის ჩავეხუტე, ლამის ჩავკოცნე, გავგიჟდი…
ეს ემოცია ძალიან მძაფრად ვიგრძენი და დარწმუნებული ვარ, ვინც ახლა ამ ყველაფერს კითხულობთ, თქვენც გრძნობთ.
ამაშია სიკეთის დაუფარავი და დაფარული ძალა“.
- წერს პოეტი ნიკა ჩერქეზიშვილი.