ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 თვის ორსული გოგო, ნანა ბასილაია სამწუხაროდ დღეს ქუთაისის კლინიკაში გარდაიცვალა. უმძიმესია ამ ფაქტით გამოწვეული ტკივილი და მწუხარება. გლოვობს მთელი სოფელი, რომელიც შეძრა სამწუხარო ამბავმა. ავტოავარიის შემდეგ კლინიკის კართან იდგნენ და ყველანი ლოცულობდნენ, რომ ნანა გადარჩენილიყო. შემზარავი ავტოსაგზაო შემთხვევა მარტვილის სოფელ სალხინოში 4 ოქტომბერს მოხდა. იმ საბედისწერო დღეს ნანა სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, სახლამდე 300 მეტრი ჰქონდა დარჩენილი და თავის 9 თვის პატარას უნდა ჩახუტებოდა, რომელიც დედის მოსვლას ელოდებოდა, მაგრამ უბედურება დატრიალდა. მოულოდნელად დიდი სიჩქარით მომავალი მანქანა ნანას ისე ძლიერად დაეჯახა, რომ მან სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო. უმძიმესი დაზიანებებით სასწრაფოს ბრიგადამ ჯერ რაიონის კლინიკაში გადაიყვანა, შემდეგ ქუთაისში რეანიმობილით მიიყვანეს და იქ რამდენიმე დღე ებრძოდა სიკვდილს. საუბედუროდ დაზიანებები იმდენად მძიმე იყო, რომ მედიცინა უძლური აღმოჩნდა მის წინაშე. ვერც ნაყოფი გადაარჩინეს და ვერც თავად დასახიჩრებული ფეხმძიმე. უგონო მდგომარეობაში აპარატზე შეერთებული მართვით სუნთქვაზე იყო რამდენიმე დღე. ექიმები პირდაპირ ამბობდნენ, რომ ვერ გადაარჩენდნენ, თუმცა ყველა ლოცულობდა მისთვის. ექიმების თქმით, მდგომარეობა თავიდანვე კრიტიკული იყო, მას ყველა ძვალი, ყველა ორგანო დაზიანებული ჰქონდა. ქუთაისში გადაყვანისთანავე გაირკვა, რომ 5 თვის ფეხმძიმეს ნაყოფიც ვერ გადაურჩინეს. ისე გარდაიცვალა ექიმებმა მისი ორგანიზმიდან ნაყოფის ამოღებაც ვერ მოახერხეს, რადგან დაშავებულის მდგომარება კრიტიკული იყო.
“ენითაუღწერელია ის ტკივილი, რასაც ახლა ჩვენ განვიცდით. არ ვიცი ამას როგორ შევეგუებით. მართალია თავიდანვე გვეუბნებოდნენ, რომ გადარჩენის შანსი არ იყო, მაგრამ მაინც ვებღაუჭებოდით იმ იმედს, რომ იქნებ მომხდარიყო სასწაული და ღვთის მოშიში გოგო გადარჩენილიყო. ეს დღეებია ჩვენს სოფელში მხოლოდ მის გადარჩენაზე ვლოცულობთ. კლინიკის კართან ვათენებდით და ვაღამებდით. სიტყვებით ვერ გადმოსცემ იმ ემოციას. ნანა სკოლაში მუშაობდა. მეზობელ გოგოსთან ერთად დადიოდა სკოლაში მანქანით. სახლში თვეების პატარა ელოდებოდა, ბავშვი მეუღლესთან და დედამთილთან დატოვა. 5 თვის ორსული იყო, იანვარში უნდა ემშობიარა, მეორე გოგონას დედა უნდა გამხდარიყო. ამ სასიხარულო ამბის მოლოდინში იყო მთელი ოჯახი და უცებ ამხელა ტრაგედია დატრიალდა. სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა მეგობარ გოგოსთან ერთად. მისთვის უთქვამს, მზიანი ამინდია, მანქანით ნუ ამიყვან სახლში, ცოტას ფეხით გავისეირნებო. 200 მეტრი ჰქონდა სახლამდე დარჩენილი. მეგობარი ამბობს, ისე დაიჟინა ვერ შევეწინააღმდეგეო და თავისი ქუჩის ჩასახვევში, ჩიხში შეაყენა მანქანა. ნანა მანქანიდან როგორც კი გადმოვიდა, ამ დროს შეეჯახა ცენტრალურ გზაზე დიდი სიჩქარით მომავალი მსუბუქი ავტომანქანა, რომელსაც ჩვენი თანასოფლელი ბიჭი მართავდა. მანქანა დიდი სისწრაფით მოქროდა მთავარ გზაზე, დავინახეთ კიდეც ჩვენც, ვთქვით, სადმე არ გადაიჩეხოსო და ამ დროს ისეთი ძლიერი დარტყმის ხმა გავიგეთ, ყველანი სირბილით იქითკენ წავედით. საშინელი სურათი დაგვხდა, ახალგაზრდა გოგო პირქვე იყო დამხობილი, სისხლში მოსვრილი იყო. მეზობლის გოგო განწირული ხმით კიოდა და ვერც ვერაფერი ვკითხეთ. რომ აიყვანეს დაშავებული სახე ისე ჰქონდა დასახიჩრებული, ვერავინ ვიცანით. უცებ ტანსაცმლით ვიცანი ნანა და ვიკივლე ნანაა – მეთქი. სულ დამსხვრეული იყო. თავი ჰქონდა ძალიან დაზიანებული, ყველა ნეკნი დამტვრეული, უამრავი დაზიანება. მოტეხილობებს კი მოერეოდა ალბათ ექიმები, მაგრამ თავი იმდენად ჰქონდა დაზიანებული, რომ კომაში იყო, ოპერაციასაც ვერ უკეთებენ. არაერთმა ნეიროქირურგმა ნახა ტომოგრაფიის პასუხი და ყველა ამბობდა, რომ ტვინი ისე იყო დაზიანებული ერთი პროცენტიც კი არ იყო გადარჩენის იმედი… დამნაშავე იქიდან პირდაპირ პოლიციაში წასულა და ჩაბარდა. როგორც ამბობენ, ის მთვრალი იყო. განადგურდა ოჯახი. ყველანი უფალს ერთს შევთხოვდით, რომ ნანა გადარჩენილიყო. ძალიან მორწმუნე გოგო იყო, ყოველ ღამე ლოცულობდა და ისე იძინებდა, ეს არ უნდა მომხდარიყო, სიტყვები უძლურია ამ დროს და რა უნდა თქვა ადამიანმა. ფაქტზე გამოძიება დაწყებულია, დამნაშავეც ალბად დაისჯება, მაგრამ ეს ვერანაირი ნუგეშია ჭირისუფლისთვის, რომელიც განადგურებულია”,- ამბობს დაღუპულის მეზობელი.
ფაქტზე გამოძიება დაიწყო, უკვე დაკითხეს ფაქტის თვითმხილველი ნანას მეგობარი გოგო, რომელიც შეესწრო ამ საშინელ ტრაგედიას. როგორც ირკვევა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მანქანა დატრიალდა რამდენჯერმე და ამ დროს შევარდა ჩიხში, სადაც მანქანიდან გადმოსული გოგო იდგა და მას იქვე დაეჯახა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.
“კვირის პალიტრა” სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს ამ უმძიმესი ტრაგედიის გამო.