“ისე მირტყამდა თავში და ხელებზე უეჭველი დასაჭერი იყო …“ – რას წერს ინგა გრიგოლია

ბათუმის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში  ცეკვის მასწავლებელმა 12 წლის მოზარდს სცემა.

ცეკვის მასწავლებელს ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაო შეუფარდა, ის არ დაუკავებიათ. საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ სოციალურ ქსელში თავისი ბავშვობის ისტორია გაიხსენა, რა დროსაც მუსიკის მასწავლებელი მასზე ფიზიკურად ძალადობდა.

„ჩემი მუსიკის მასწავლებელი ისე მირტყამდა ხოლმე თავში და ხელებზე და ისე მწიწკნიდა კანს, ახლა რომ ვფიქრობ, უეჭველი დასაჭერი იყო. ხანდახან პიანინოს თავსახურს დამახეთქებდა ხოლმე თითებზე, როცა მეშლებოდა, შუა დაკვრაში. ექვსი წელი ვიტანდი მასწავლებლის ფიზიკურ თავდასხმებს, ვიდრე მეშვიდე კლასში არ გადავედი. ბოლო წელს, ხელოვნების სკოლას რომ ვამთავრებდი, ძალა ვიპოვე ჩემს თავში და დედაჩემს კატეგორიულად გამოვუცხადე, რომ აღარ ვაპირებდი მუსიკაზე სიარულს. უკვე იმდენად დამოუკიდებელი ტიპი ვიყავი მაგ დროს, დედაჩემმა ცოტა გაიბრძოლა და დამმორჩილდა, დაიჯერა, რომ გამორიცხული იყო ჩემი დაყოლიება. ახლა გამიცოცხლდა ჩემი მუსიკის გაკვეთილების კადრები და დაუჯერებელი ძალადობა იყო, დაუჯერებელი… არადა, იმ დამპალ საბჭოთა კავშირში, საგანმანათლებლო სივრცეებში, ბავშვებზე ასეთი ძალადობა ითვლებოდა რაღაც ჩვეულებრივ ამბად ( ცეკვის მოძალადე მასწავლებელზე გამახსენდა და ხელახლა გავცეცხლდი)“, – წერს ინგა გრიგოლია.