საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის B დივიზიონში ასპარეზობა ჩეხეთის ეროვნული გუნდის განადგურებით გახსნა. “ჯვაროსნებმა” ჩეხებს 4 გოლი გაუტანეს, საკუთარ კარში კი მხოლოდ ერთი მიიღეს; ისიც მე-80 წუთზე, როდესაც თამაშის ბედი უკვე გადაწყვეტილი გახლდათ. ვილი სანიოლის გუნდი თავის ჯგუფს სათავეში ჩაუდგა, მეორეადგილოსან ალბანეთს კი გატანილ-გაშვებული გოლების უკეთესი სხვაობით უსწრებს.
ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ერთმანეთს სწორედ ჯგუფის ლიდერები დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ტირანაში გაიმართება და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძელთა ულტრასები საკმაოდ თავდაჯერებულები არიან, ჩვენ მაინც გამარჯვების იმედი გვაქვს. ამ სტატიაში შემოგთავაზებთ 5 მიზეზს, რაც დაგარწმუნებთ, რომ ამ ოპტიმიზმის გაზიარება აზრსმოკლებული ნამდვილად არ უნდა იყოს.
#1 საქართველოს ნაკრები ბოლო წლებში თავის საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს
ის, რაც ქომაგმა გუშინ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იხილა, “ჯვაროსანთა” ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო პერფომანსი გახლდათ. ქართველების მიერ ნაჩვენები ფეხბურთისა და მეტოქის დონის გათვალისწინებით, შეიძლება საუკეთესოც კი. ხვიჩა კვარაცხელიას მიერ შესრულებული პენალტი და გიორგი ჩაკვეტაძის საგოლე რეიდი ლამაზი იყო, მაგრამ გუნდის მე-3 და მე-4 გოლებმა ყველა მოლოდინს გადააჭარბა – გიორგი მიქაუტაძის გოლი მეკარის საჯარიმოდან დაწყებული კომბინაციის ეფექტური დაგვირგვინება გამოდგა, გიორგი ქოჩორაშვილის გოლის ეპიზოდში კი ჩაკვეტაძის ასისტმა დაიმსახურა უდიდესი სიმპათია. გარდა შედეგისა, რომელიც თავისთავად სასიხარულოა, საქართველოს ნაკრები გულშემატკივარს უდიდეს სიამოვნებას თავისი ფეხბურთით ანიჭებს. არანაირი საფუძველი არ გვაქვს ვიფიქროთ, რომ “აირ ალბანია სთედიუმზე” სანიოლის შეგირდებს ამის კიდევ ერთხელ ჩვენებაში რამე ხელს შეუშლით.
#2 საქართველოს ნაკრების ლიდერები საოცარ ფორმაში არიან
ამაზე ჩეხეთთან თამაშამდეც ვწერდით და მატჩმა შეხედულება კიდევ უფრო გაგვიმყარა. ხვიჩა კვარაცხელიამ, გიორგი ჩაკვეტაძემ, გიორგი ქოჩორაშვილმა და ოთარ კიტეიშვილმა ის სათამაშო ფორმა, რომლითაც თავიანთი კლუბებიდან სანაკრებო მატჩებზე ჩამოვიდნენ, ჩეხეთის წინააღმდეგ სრულად გამოავლინეს. გოლის გემო გაიხსენა გიორგი მიქაუტაძემაც და წუნი არც დაცვის ხაზისა თუ გიორგი მამარდაშვილის მოქმედებებს დაედებოდა.
შესაბამისად, იმედი იმისა, რომ მომდევნო შეხვედრის ბედის გადაწყვეტა ცალკეული ფეხბურთელის ინდივიდუალურ გაბრწყინებასაც შეეძლება, კვლავ ცოცხალია, ოღონდ, რა თქმა უნდა, გვირჩევნია, გუნდმა ტირანაშიც ისეთი დომინანტური თამაში აჩვენოს, როგორიც თბილისში აჩვენა.
#3 გუნდში სტაბილურობა და მოგების ჟინი ერთმანეთს ერწყმის
ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლა, იქ ჯგუფური ეტაპის გადალახვა და ამ ეიფორიის შემდეგ ერთა ლიგის ისეთი გამანადგურებელი გამარჯვებით დაწყება, როგორითაც “ჯვაროსნებმა” შეაბიჯეს B დივიზიონში, გვაძლევს იმის თქმის საშუალება, რომ “ჯვაროსანთა” ასეთი თამაში ერთჯერად გაბრწყინებად აღარ უნდა განვიხილოთ ხოლმე. მეტიც, ეს შეიძლება საქართველოს ნაკრებისთვის ახალი ნორმაც იყოს, თუმცა ამას ალბათ კიდევ რამდენიმე მსგავსი მატჩი დასჭირდება…
სასიხარულოა ისიც, რომ საქართველოს ნაკრები ტირანაში მოსაგებად ჩადის. ამაზე გუნდის ლიდერების მატჩისშემდგომი განცხადებებიც მეტყველებს. პრაგმატულად თუ ვიმსჯელებთ, ალბანეთთან სტუმრად აღებული 1 ქულაც შეიძლება დამაკმაყოფილებელი შედეგად მიიჩნეოდეს, მაგრამ გუშინდელი მატჩის ტრიუმფატორებს სრულიად სხვა გეგმები აქვთ, რაც ჩვენს ოპტიმიზმის ნამდვილად ზრდის, რადგან როდესაც ასე ძალიან გინდა მოგება, საწადელის მიღწევის შანსი გაცილებით დიდია.
#4 ალბანეთის ნაკრები საქართველოს ნაკრების საყვარელი მეტოქეა
ევროპაში ბევრი არ მოიძებნება ისეთი ნაკრები, რომელთანაც საქართველოს ნაკრებს დადებითი ბალანსი აქვს. საბედნიეროდ, ალბანეთი ერთ-ერთი ასეთთაგანია. “წითელ-შავები” ქართველების საყვარელი მეტოქეები არიან, რაც სტატისტიკაში შემდეგნაირად გამოიხატება
12 მატჩი
8 გამარჯვება
4 ფრე
3 ასისტი
ბოლო მარცხი, რომელიც “ჯვაროსნებმა” ბალკანელებისგან იგემეს, შორეულ 2005 წელზე მოდის. ალბანელებთან გუნდს ბოლო 6 მატჩია არ წაუგია და მიუხედავად იმისა, რომ ამ 6-დან ყველა შეხვედრა ამხანაგური გახლდათ, დადებითი ტენდენციის გამოკვეთა მაინც შეიძლება. მართალია, ალბანეთის ნაკრები შეიძლება თავისი არსებობის ისტორიაში ახლაა ყველაზე ძლიერი, მაგრამ ფეხბურთში რომ წარსულ გამოცდილებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ხოლმე, არც ამის შეხსენებაა საჭირო. აქედან გამომდინარე, “არწივებთან” გამარჯვების იმედის ქონას სტატისტიკაც უმაგრებს ზურგს.
#5 ერთა ლიგის გასვლით მატჩებს საქართველოს ნაკრები ბრწყინვალედ ატარებს
ყველა ნახავდით Transfermarkt-ზე გამოქვეყნებულ ცხრილს, სადაც ჩანს, რომ აღებული ქულების მაჩვენებლით, საქართველო ერთა ლიგის ისტორიაში საუკეთესო ნაკრებია. “ჯვაროსნებს” 12 მატჩი აქვთ მოგებული, 6 ფრედ დასრულებული და მხოლოდ 1 წაგებული. მათი საერთო მაჩვენებელი კი 42 ქულაა.
ეს შედეგი კიდევ უფრო შთამბეჭდავი გახდება იმ შემთხვევაში, თუ მხედველობაში მხოლოდ გასვლაზე ჩატარებულ მატჩებს მივიღებთ. ამის მიზეზი ისაა, რომ ის ერთადერთი მარცხიც, რომელიც ქართველებმა იგემეს, “დინამო არენაზე”, სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ (1:2) დაფიქსირდა. რაც შეეხება 6 ფრეს, მათგან 3 ასევე საშინაო შეხვედრებზე (ჩრდილოეთ მაკედონიასთან, ესტონეთთან, ბულგარეთთან) მოდის. თუ მხოლოდ ვილი სანიოლის მოღვაწეობაზე გავამახვილებთ ყურადღებას, მას გასვლაზე 3-დან 3 მატჩი აქვს მოგებული (ბულგარეთთან 2:5, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 0:3, გიბრალტართან 1:2). ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სანიოლის ფორმაციის ნაკრებისთვის ერთა ლიგაზე სტუმრად თამაში დიდ პრობლემას არ წარმოადგენს, რაც კიდევ ერთი არგუმენტია ზეგინდელ მატჩში ქართველთა წარმატების სავარაუდოობაში დასარწმუნებლად.
შეგახსენებთ, რომ ალბანეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 10 სექტემბერს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.