ეს სასტიკი დანაშაული ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ზღუდეში მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმ საბედისწერო დღეს 56 წლის და 65 წლის ძმებმა, ემზარ და ელგუჯა მედოშვილებმა, 28 წლის თანასოფლელი, ნიკოლოზ ღვინიაშვილი, თოკით გაკოჭეს, სცემეს და შემდეგ ხელით მოახრჩვეს. ამ შემზარავი დანაშაულის შემდეგ დამნაშავეებმა თურმე ბიჭთან მეზობელიც კი არ მიუშვეს, რომელიც მომაკვდავი ახალგაზრდის გადარჩენას ცდილობდა. სწორედ იმ მეზობელმა ატეხა განგაში, რომელიც დანაშაულის ადგილას შემთხვევით აღმოჩნდა, მან დარეკა 112-ში. შემთხვევის ადგილზე მალე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა მივიდა და ბიჭის გადარჩენა სცადა, თუმცა უშედეგოდ, ის უკვე გარდაცვლილი იყო.
პოლიციის და სასწრაფოს მისვლამდე დამნაშავე ძმები გაიქცნენ, მაგრამ შემთხვევის ადგილზე დარჩა დამნაშავის არასრულწლოვანი შვილი, რომელიც ფაქტის თვითმხილველიცაა. ახლა მის დასჯასაც ითხოვენ მოკლული ახალგაზრდის ახლობლები. მათი თქმით, ისიც ამ საშინელი დანაშაულის თანამონაწილეა.
ძმები მედოშვილები სოფელში იმავე ღამით, 2 სექტემბერს დააკავეს და ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “ი” ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა ჯგუფურად) წარედგინათ, რაც სასჯელად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. გორის რაიონულმა სასამართლომ სასტიკ მკვლელობაში ბრალდებულ ძმებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.
ერთადერთი ვერსია, რაც სოფელში განიხილება, წარსულში წყენის გამო შურისძიებაა.
ნიკოლოზ ღვინიაშვილის მეზობელი “კვირის პალიტრას” ესაუბრა:
„მკვლელები მეზობლად ცხოვრობენ, 500 მეტრია მათ სახლებს შორის დაშორება. ნიკოლოზს მათთან შეხება დიდად არ ჰქონია, უბრალოდ, წარსულში იყო კონფლიქტი და როგორც ჩანს, გაუხსენეს, ასე ამბობენ სოფელში. ვიღაცას უცემია ადრე ერთ-ერთი მკვლელი, ამას თურმე ნიკუშა შეესწრო და მოჩხუბრები არ გაუშველებია. დამნაშავეები ცუდი ზნის ადამიანები არიან. თუკი ვინმეზე ნაწყენები იყვნენ, რა პერიოდიც არ უნდა გასულიყო, უხსენებდნენ.
იმ დღეს ჩვენმა თანასოფლელმა დაკლა ცხვარი და მეზობლები ქეიფობდნენ. არავინ ამბობს, რომ სუფრაზე რაიმე სახის კონფლიქტი იყო. როგორც ვიცით, მთვრალი ძმები სუფრიდან რომ წავიდნენ, სწორედ იმ დროს წასულა ნიკოლოზიც. გზაში აუშარდნენ, გაუხსენეს ძველი წყენა და სასტიკად მოკლეს. საკუთარ შვილს მოატანინო თოკი და მერე აყურებინო, როგორ კოჭავ სხვის ნაფერებ შვილს, გუდავ და კლავ, ამაზე დიდი სისასტიკე წარმოუდგენელია. ამ საქმის თანამონაწილე ემზარის 17 წლის შვილია. თუ თანამონაწილე არ იყო, ხომ შეეძლო ეთქვა მამა-ბიძისთვის, რას აკეთებთო, ან გაქცეულიყო და დახმარება ეთხოვა, ან დაერეკა პოლიციაში. მერე რა, რომ არასრულწლოვანია, მანაც უნდა აგოს პასუხი. თითით საჩვენებელი ბიჭი მოგვიკლეს. გამწარებულმა ნიკას ძმამ რომ შური იძიოს, ვინ აგებს ამაზე პასუხს? ის “ოქროს მოწმე” რომ არ შესწრებოდა ამ ამბავს, შეიძლება ნიკას გვამი გადაემალათ.
ნიკოლოზის ნათლია შემთხვევით შეესწრო. სუფრიდან გამოსვლის შემდეგ მას ნიკოლოზმა დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, უთქვამს, წყაროსთან დაგელოდებიო. ახალი შეღამებული იყო, ის ბიჭი წამოვიდა ნიკასთან შესახვედრად. ამბობს, რომ მივუახლოვდი იმ ადგილს, შევამჩნიე ჩოჩქოლი, მეგონა, ვიღაცას საქონელი მოუკვდაო. იქ ხიდია და რომ მიუახლოვდა, თურმე გადაუდგა წინ ერთ-ერთი მკვლელი და არ მისცა წინ წასვლის საშუალება. ამ დროს დაინახა ნიკა, რომელიც გაკოჭილი ჰყავდათ, და წავიდა მისკენ. მოახერხა ნიკასთან მისვლა, თურმე ყვიროდა, რატომ აქვს ნიკას ხელები გაკოჭილიო, და ხელი რომ მოჰკიდა, იმდენად ძლიერად ჰქონდათ გაკოჭილი, თურმე ნიკას ხელი ვერ გაუთავისუფლა და მკვლელის შვილისთვის უთქვამს, დანა მაინც მომიტანე, რომ თოკი გავჭრაო. მერე უცებ მიხვდა, რაღაცაში რომ იყო საქმე. რომ ეთქვა, ეს რა გაუკეთეთო, ისე იყვნენ ჭკუიდან გადასულები, შეიძლება ის ბიჭიც მოეკლათ. მხოლო ის მოახერხა, რომ 112-ში დარეკა და მათ გასაგონად უთქვამს, ბიჭი ცხენიდან გადმოვარდა და შველა სჭირდება, სასწრაფო გამოუშვითო. მერე სხვებსაც დაურეკა სოფელში და დახმარება ითხოვა. ხალხი რომ მოგროვდა, ამ ქაოსით ისარგებლეს მკვლელებმა და გაიპარნენ. რას წარმოვიდგენდით, ნიკა მოკლული რომ ჰყავდათ. ექიმებმა თქვეს, რომ ბიჭი ცოცხალი აღარ იყო.
500 მეტრშია მათი სახლი და პოლიცია ყარაულობს, რომ მოსახლეობამ არ გადაწვას. იმ სახლში ემზარი ცხოვრობდა ცოლ-შვილთან ერთად, ელგუჯა უფროსი ძმაა, ის გაქცეული იყო, ახალი ჩამოსულია სოფელში. ნასამართლევები არიან”.
წყარო: კვირის პალიტრა