შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები გამოაქვეყნა. წელს უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება მოიპოვა 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა, რაც ჩარიცხვის უფლების მქონე გამოსაცდელების დაახლოებით 80%-ს შეადგენს.
სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 500-ზე მეტმა აბიტურიენტმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 400-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა. სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა 5 000-ზე მეტი მსურველი.
kvirispalitra.ge იმ აბიტურიენტებს ესაუბრა, რომლებმაც სწავლის 100%-იანი დაფინანსება მოიპოვეს.
კატო შეშელიძე კომაროვის სკოლის ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია, რომელიც სრული დაფინანსებით გააგრძელებს სწავლას უმაღლეს სასწავლებელში.
“ჩავირიცხე “თავისუფალ უნივერსიტეტში, გამოცდების შედეგებით ველოდი, რომ 100%-იან გრანტს ავიღებდი. ქართულში – 55.8, ინგლისურში – 70, მათემატიკა – 51 ქულა ავიღე. კომპიუტერული მეცნიერებით და დაპროგრამებით ვარ დაინტერესებული, მინდა ამ სფეროს შესწავლა. “თავისუფალ უნივერსიტეტში” ბევრი ნაცნობი მყავს, მათ შორის კომაროველები, იქ სწავლაზე ორიენტირებული გარემოა, ძალიან განათლებული და კეთილი ადამიანები მუშაობენ.
მხოლოდ ინგლისურში დამჭირდა ცოტა ხნით რეპეტიტორთან მისვლა, გამოცდებზე კარგი შედეგი სკოლისა და მასწავლებლების დამსახურებაა. ჩვეულებრივ ვესწრებოდი გაკვეთილებს.
აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე იმიტირებული გამოცდებში მიიღიონ მონაწილეობა, დროის მართვას შეეჩვიონ, ტაიმერები გამოიყენონ, პრაქტიკული გამოცდილება მნიშვნელოვანია თავდაჯერებულობისთვის”, – ამბობს კატო შეშელიძე.
ნინია მოსემღვდლიშვილმა გურჯაანის რაიონის ვაჩნაძიანის საჯარო სკოლა დაამთავრა და იმ წარმატებულ აბიტურიენტებს შორისაა, რომელმაც მაქსიმალური ოდენობის გრანტი აიღო.
“ჩავირიცხე “თავისუფალ უნივერსიტეტში” მართვა და საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით. ქულების გაგებისთანავე მივხდი სად მოხვდებიდი და რამდენპროცენტიან დაფინანსებას ავიღებდი, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვიჯერებდი, ძალიან გახარებული ვარ. დასთან ერთად ვნახე საბოლოო შედეგი და ორივე ვტიროდით. ქართულში – 58, ინგლისურში – 66, ისტორიაში 55 და გეოგრაფიაში – 48 ქულა ავიღე.
სკოლაში მიღებულმა ცოდნამ დიდი როლი ითამაშა შედეგებზე, მაგრამ მაინც დამჭირდა რეპეტიტორების დახმარება. სიმართლე გითხრათ, ჩემს თავში დარწმუნებული არ ვიყავი, თუმცა შევძელი მაქსიმალურად ყურადღების კონცენტრირება გამოცდებზე”, – თქვა ნინია მოსემღვდლიშვილმა.
გვანცა და ლუკა წიწილაშვილები ტყუპი და-ძმა არიან, ოჯახიდან ორი აბიტურიენტი გახდა 100%-იანი გრანტის მფლობელი. ლუკას საკუთარ წარმატებებზე საუბარი და აუდიტორიის წინაშე თავის გამოჩენა არ უყვარს, ამიტომ მხოლოდ გვანცამ გაგვიზიარა ემოციები.
“მე და ჩემმა ძმამ დავამთავრეთ ვეკუას სკოლა, მე ჩავაბარე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ინგლისურენოვან ამერიკულ პროგრამაზე. ქართულში 56 ქულა ავიღე, ინგლისურში 64, მათემატიკაში – 44, ბიოლოგიაში – 66. არ იყო მოულოდნელი ჩემთვის, რომ სრულ დაფინანსებას მოვიპივებდი. სად ჩავირიცხებოდი ამაზე უფრო ვნერვიულობდი და ძალიან გამიხარდა, რომ იქ მოვხდი, სადაც ძალიან მინდოდა. ჩემმი ძმა “თავისუფალ უნივერსიტეტში” ჩაირიცხა პროგრამირებაზე. ერთ სკოლაში და ერთ კლასში ვსწავლობდით.
ვფიქრობ, რომ სკოლაში დაგროვილი ცოდნის 70%-ია ჩემი შედეგის წინაპირობა, რადგან ყველა საგანში კარგი საფუძველი მქონდა, სანამ აბიტურიენტი გავხდებოდი. თუ აბიტურიენტი მონდომებული და საჭირო მასალებს თავად მოძებნის, შესაძლოა, რომ რეპეტიტორების გარეშეც მიაღწიოს კარგ შედეგს”, – თქვა გვანცამ.
“დავამთავრე 128-ე საჯარო სკოლა და ჩავირიცხე თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ურთიერთობებზე. ჩემი შედეგები გამოცდების მიხედვით ასეთია: ქართულში – 57, ინგლისურში – 69, 56 – ისტორიაში. ქულების გაგების შემდეგ გამოჩნდა მოლოდინი, რომ სწავლის სრულ დაფინანსებას მოვიპოვებდი, მანამდე ამაზე არ მიფიქრია. საბოლოო შედეგები მარტომ ვნახე და არ გამკვირვებია, თუმცა ძალიან გამიხარდა.
ვფიქრობ, რომ რეპეტიტორი გვეხმარება და აუმჯობესებეს სკოლაში დაგროვილ ცოდნას, რაც კარგი შედეგების მიღწევაში გვეხმარება” – აღნიშნა ნინო ბერკაცაშვილმა.
kvirispalitra.ge