დასავლეთ გერმანიაში სასტუმროს ნაწილი ჩამოინგრა, რამაც ორი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, რვა ადამიანი კი ნანგრევებშია მოყოლილი. პოლიციის ინფორმაციით, დაღუპულები სავარაუდოდ, მამაკაცი და ქალი არიან.
- პოლიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ ფრანკფურტიდან დასავლეთით, დაახლოებით 110 კილომეტრის დაშორებით, კროევში, ღვინის მწარმოებელ ქალაქში, სასტუმრო Reichsschenke Zum Ritter Götz-ის ნაწილი სამშაბათს, დაახლოებით 23:00 საათზე ჩამოინგრა.
შენობაში მყოფი 14 ადამიანიდან ხუთმა უვნებლად გამოსვლა მოახერხა.
როგორც გერმანული საინფორმაციო სააგენტო dpa იუწყება, დაახლოებით ორი საათის შემდეგ, ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ ორი ქალი, ერთი მამაკაცი და 2 წლის ბავშვი გადაარჩინეს.
ვიდეო და ფოტო მასალაზე ჩანს, რომ შენობის სახურავი უკანაა გადახრილი, ხოლო პირველი სართულის ნაწილები ჩამონგრეულია.
ერთ ვიდეოში ჩანს, როგორ გამოჰყავს ქალი შენობიდან საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელს, ხოლო კიდევ ერთ ვიდეოში ვხედავთ, როგორ გამოჰყავთ ჩვილი დაზიანებული სასტუმროს შენობიდან.
რეგიონული მაუწყებლის, SWR-ის ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ ჩამონგრევის მომენტში აფეთქების ხმა გაიგონეს და მტვრის დიდი ღრუბელი დაინახეს. ხელისუფლებამ დაზიანებული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან 31 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. ჯერ უცნობია, რამ გამოიწვია ჩამონგრევა.
პოლიციის ცნობით, არის “უკიდურესად რთული ოპერაცია, რადგან საგანგებო პერსონალს შენობაში შესვლა მხოლოდ უდიდესი სიფრთხილით შეუძლია”.
კროევში დაახლოებით 2,200 ადამიანი ცხოვრობს.