რუსეთის ჭადრაკის ფედერაციამ განაცხადა, რომ მოჭადრაკე ამინა აბაკაროვა ყველა შეჯიბრიდან მოხსნა მას შემდეგ, რაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ დაღესტანში მიმდინარე ტურნირზე მან მეტოქის დაფასთან ვერცხლისწყალი დაასხა. მომხდარის შესახებ ინფორმაცია პირველად Baza-მ გაავრცელა.
ტელეგრამ-არხმა სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გამოაქვეყნა, რომელშიც ჩანს, თუ როგორ ასხამს სითხეს 40 წლის მოჭადრაკე დაფასთან, სადაც უმაიგანატ ოსმანოვა უნდა დამჯდარიყო.
ტურნირის დროს, ოსმანოვა შეუძლოდ გახდა, მას თავის ტკივილი და ღებინება დაეწყო. საბოლოოდ, მოჭადრაკეს სამედიცინო დახმარება დასჭირდა, ადგილზე კი პოლიცია გამოიძახეს.
სათვალთვალო კამერის შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ ვერცხლისწყალი სწორედ აბაკაროვამ დაასხა. ის პოლიციამ დააკავა, რის შემდეგაც მან დანაშაული აღიარა.
დაღესტნის სპორტის მინისტრის განცხადებით, მოჭადრაკეს სამუდამო დისკვალიფიკაცია და სისხლის სამართლებრივი დევნა ემუქრება.