„ფოტოზე არის ჩემი გარდაცვლილი და… გარდაცვლილ ადამიანს ლანძღავთ, ამას ფსკერიც აღარ ჰქვია“ – რას წერს აღშფოთებული დეპუტატი? (+ფოტო)

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სალომე ჯინჯოლავა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე მიმართვას აქვეყნებს, სადაც მისი გარდაცვლილი დის მისამართით  გამოქვეყნებულ შეურაცხმყოფელ პოსტებს ეხმაურება. როგორც ჯინჯოლავა აღნიშნავს, ამ ადამიანებმა იციან, რომ რეალურად ფოტოზე მისი დაა, თუმცა ვითომ შეცდომით ლანძღავენ გარდაცვლილ ადამიანს. ჯინჯოლავას თქმით, მათ წითელი ხაზი უკვე გადაკვეთეს.

ერთ-ერთი, ვინც ჯინჯოლავას გარდაცვლილი ოჯახის წევრის შეურაცხმყოფელი პოსტი გამოაქვეყნა, მინის თეატრის ხელმძღვანელი, რეჟისორი რეზო შატაკიშვილია.

„ფოტოზე არის ჩემი გარდაცვლილი და. არ მინდოდა მსგავს საკითხზე პოსტის დადება, დიდხანს ვიკავე თავი, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი. ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა. მხოლოდ დღეს დაიდო რამდენიმე. არც აქამდე მქონდა თქვენზე სხვანაირი წარმოდგენა, მაგრამ სადამდე დაეცით და რისი გაკეთება შეგძლებიათ, თქვენც კი გამაკვირვეთ. უკვე იმაშიც დავრწმუნდი, რომ იცით ფოტოზე მე არ ვარ და ამას სპეციალურად, ვითომ შეცდომით აკეთებთ. კომენტარებში ლანძღავთ გარდაცვლილ ადამიანს, ამას ფსკერიც აღარ ჰქვია. არგუმენტი თქვენ არ გაქვთ, სიმართლის ნატამალი თქვენს მხარეს არ არის და აი რა დაგრჩათ. ერთმანეთი შეაგულიანეთ ახლა და მოუწონეთ ჯგუფებში გარდაცვლილი, ახალგაზრდა გოგოს ფოტოებზე ქილიკი… 

თუ გგონიათ, რომ მისი ფოტოების ასეთი ამორალური გამოყენებით მე ან რომელიმე ჩვენგანს მორალურად გაგვტეხავთ, მწარედ ცდებით, რადგან ძალიან მართლები ვართ საკუთარ თავთან, საკუთარ სამშობლოსთან და მის ღირსეულ, ევროპულ მომავალთან. თქვენ უკვე გადაკვეთეთ წითელი ხაზი!“, – წერს ჯინჯოლავა.