რა თანხას მიიღებს საქართველოს ნაკრები მერვედფინალში გასვლისთვის ფონდი “ქართუსგან” და ცალკე UEFA-სგან

ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, – ამის შესახებ ფონდმა განცხადება 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებდა.

გარდა ამისა, ფონდი “ქართუს” განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის პირველი გოლიშეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

წყარო: bpn.ge

საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის ევროპული თავგადასავალი გრძელდება. მერვედფინალის პირველ მატჩს საქართველო ესპანეთთან კელნში 50 000-ის ტევადობის სტადიონზე გამართავს.

„ჯვაროსნებმა” გერმანიის საგზურის მოპოვებისთვის, UEFA-სგან 9,25 მილიონი ევროს უკვე მიიღეს.

ტურნირის ჯგუფურ ეტაპზე თითოეული გამარჯვება მილიონ, ხოლო ფრე ნახევარ მილიონ ევროდ ფასობს. შესაბამისად, ეროვნულ ნაკრები 1.5 მლნ ევროს მიიღებს ჩეხეთთან ნათამაშები ფრის და პორტუგალიასთან მოგებული თამაშის გამო.

რაც შეეხება ისტორიის კიდევ ერთ ახალ ფურცელს, მერვედფინალში გასვლისთვის ნაკრები 1.5 მილიონს მიიღებს.

რაც შეეხება შემდეგ ეტაპებს, მეოთხედფინალისთვის – 2.5 მლნ ევროა დაწესებული, ნახევარფინალისთვის კი – 4 მლნ.

ფინალში დამარცხებული გუნდი დამატებით 5 მილიონი ევროთი დასაჩუქრდება, გამარჯვებული კი – 8 მილიონით.

ჯამში, ჯგუფში ყველა თამაშისა და ევრო 2024-ის მოგების შემთხვევაში, ნაკრებს 28.25 მილიონი ევროს გამომუშავება შეუძლია.

digest.ge