გუშინ, გერმანიაში ევროპის ჩემპიონატზე გამართული ისტორიული მატჩი და ქართველი ფეხბურთელების ღირსეული თამაში მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია. ემოციური ამოჩნდა გულშემატკივრების ფოტოები სტადიონიდან, სადაც ჩვენი გუნდი თურქეთს დაუპირისპირდა. მატჩი საბოლოოდ თურქების გამარჯვებით, ანგარიშით 3-1 დასრულდა.
თამაშს არაერთი ქართველი და თურქი გულშემატკივარი ესწრებოდა. მათ შორის იყო წყვილი, რომლებმაც წლების წინ ქართულ-თურქული ოჯახი შექმნეს. სოფი კერესელიძე და აპი არსლანი გერმანიაში, საკუთარ ქვეყნებს გულშემატკივრობდნენ.
– სოფო, თქვენზე მოგვიყევით. რამდენი ხანია დაოჯახებული ხართ?
– მე და აპიმ ერთმანეთი 10 წლის წინ, თბილისში, გავიცანით და ახლაც ჩვენს შვილებთან ერთად აქ ვცხოვრობთ. ერთად რამდენიმე კომპანია დავაარსეთ, გვაქვს ინდუსტრიული სამზარეულოს ტექნიკის და დანადგარების შოურუმები თბილისსა და ბათუმში (APINOX). ბევრს ვმოგზაურობთ, დიდ დროს ვატარებთ აპის ოჯახთან ერთად სტამბოლშიც. სპორტი ორივეს ძალიან გვიყვარს.
– როგორ მოხვდით ლეგენდარულ მატჩზე, როგორ ემზადებოდით ამ დღისთვის?
– მატჩის ბილეთები ჯერ კიდევ თურქეთის ჯგუფიდან გასვლისას შევიძინეთ. მაშინ ჯერ არ იყო ცნობილი ვინ იქნებოდა თურქეთის მეტოქე. საქართველო-საბერძნეთის მატჩსაც ერთად ვუყურეთ. საოცარი ემოცია გვქონდა. საქართველოს ნაკრების გამარჯვება მეგობრებთან ერთად, თბილისში აღვნიშნეთ. თუმცა, ორივემ ვიცოდით, რომ წინ რთული დღე გველოდა. გამოცდილება უკვე გვქონდა ევრობასკეტის საქართველო-თურქეთის თამაშის, მაშინ საქართველომ საოცარი თამაში აჩვენა და გავიმარჯვეთ, მაგრამ შემდეგ მოედანზე ქართველ და თურქ კალათბურთელებს შორის კონფლიქტი მოხდა, რამაც ცხადია ტრიბუნებზეც გადაინაცვლა. ეს იყო ურთულესი დღე, რადგან ჩემს ქართველ მეგობრებს და თურქეთიდან საგულშემატკივროდ ჩამოსულ ჩვენს მეგობრებს შორის ვიდექით, მაქსიმალურად ვცდილობდით სიტუაციის განმუხტვას.
– გერმანიაში გასამართი მატჩისთვის როგორ ემზადებოდით?
– განსაკუთრებულად… რამდენჯერმე ვიყავით საქართველოს ნაკრების მაღაზიაში რომ ჩვენი ზომა მაისურები მოგვერგო. დორტმუნდში მხოლოდ უფროსი ბიჭი, საბა წავიყვანეთ, გოგონები ზაფხულის ბანაკში გაემგზავრნენ და სამწუხაროდ ვერ შემოგვიერთდნენ. მე და აპიმ ვისაუბრეთ და შევთანხმდით, რომ რადგან სტადიონზე თურქულ სექტორში უნდა ვმსხდარიყავით, ამიტომ, მატჩის დღეს, დილიდან ქართველ გულშემატკივართან ერთად ვიქნებოდით, რომ ორივე ქვეყნის ემოცია გაგვეზიარებინა.
მართლაც, დიუსელდორფიდან-დორტმუნდამდე მატარებლით ქართველ ქომაგებთან ერთად ვიმგზავრეთ, მთელი გზა ვმღეროდით, შემდეგ ქართველი ქომაგების მსვლელობას შევუერთდით. ეს იყო დაუვიწყარი ემოცია და ეს ვიბრაციები სიმართლე გითხრათ, ძალიან დამაკლდა ტრიბუნებზე, სადაც ძალიან მარტო ვიგრძენი თავი. იქ ქართული მაისურებით და სიმბოლიკით მხოლოდ მე და საბა ვისხედით.
– რა ხდებოდა თქვენს ტრიბუნაზე გოლების გატანისას?
– გოლების დროს რა ხდებოდა?… ცრემლები, სიხარულისაც და მწუხარებისაც. საოცარი კოქტეილი იყო ემოციების. თურქულად ვესაუბრებოდი მეგობრებს და თან საქართველოს ჰიმნს გულზე ხელდადებული რომ ვმღეროდი, გარშემომყოფები დაბნეულები მიყურებდნენ. საქართველოს გოლის დროს ჩემი კივილით გაღიზიანებულ მზერას ვხედავდი თურქულ სექტორში. უშუალოდ ჩვენს გვერდით მსხდომებს ვესაუბრე, იცოდნენ რომ ქართველი ვარ, ერთმა ქალმა წინა რიგიდან საქართველოს გოლიც კი მომილოცა. სამწუხაროდ მე ვერ შევძელი თურქეთის გოლების მათთვის მილოცვა, ალბათ აქამდე კიდევ უნდა გავიზარდო მენტალურად.
– სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ფოტოებზე გიწერდნენ, როგორ მორიგდით მეუღლესთან მატჩის შემდეგ…
– აპი ძალიან ბედნიერი იყო, საბოლოოდ ვერც მისი ბედნიერების გაზიარება შევძელი ბოლომდე. რაც იმ ურთულეს მეორე ტაიმში მაკლდა იყო ის, რასაც მოპირდაპირე ტრიბუნაზე ვხედავდი ათასობით ქართული დროშა. ყველაზე ძლიერი გაზიარებული ემოციაა, ერთობის, სიყვარულის, წარმატების, იმედის, ენერგია. ამას მოედნის გადაღმა ძალიან ნათლად ვხედავდი და ჩემი გული იქ იყო!
ინტერვიუს დასასრულს კომენტარი სოფის მეუღლეს აპი არსლანს ვთხოვეთ. როგორც გვითხრა ფეხბურთი მათი კულტურის ნაწილია, გამარჯვებით ძალიან ბედნიერია, მაგრამ მეუღლის ცრემლებმა მასზე იმოქმედა.
აპი არსლან:
– პირველ რიგში მიხარია, რომ საქართველო ამ დონეზე მოვიდა და ასეთ წარმატებას მიაღწია. საქართველო ჩემთვის მეორე სახლია, მაგრამ თურქი ვარ და ჩემს ქვეყანას ვგულშემატკივრობ. თურქეთში ფეხბურთი ჩვენი კულტურის ნაწილია, ჩვენ ფეხბურთით ვცხოვრობთ. ძალიან ბედნიერი ვიყავი ჩვენი გოლების დროს, მაგრამ სოფოს ცრემლები რომ დავინახე, ძალიან იმოქმედა.
რთული დღე იყო, ყველაფერი წინ არის, წარმატებები ჩვენს ქვეყნებს საქართველოს და თურქეთს.
წყარო: ambebi.ge