დიდად არ გვეხატება ერთმანეთი, მაგრამ ვალდებული ვართ, ბრძოლაში ვიყოთ ერთ მუშტად შეკრული, ამათ რომ დავამარცხებთ, შემდეგ დავერიოთ, ერთმანეთის ლანძღვაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები, – განაცხადა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე „ძლიერი საქართველოსთვის“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა.
ელისაშვილის თქმით, ახლა საკუთარ თავს ყველამ უნდა აჯობოს და საქართველო გადაარჩინოს, რომელიც განსაცდელშია.
„გუშინ გახარიას პარტიის ერთ-ერთ წარმომადგენელს ვუსაყვედურე, ცოტა უკმეხად გამომივიდა, არ მინდოდა, მაგრამ გადაღლილები ვართ, დაქანცულები და ზედმეტად ემოციურად გამომივიდა. არ ვიცი, აქ არის თუ არა, გახარია, ყოველ შემთხვევაში, ძალიან ვაჟკაცი ბიჭი დგას მის გვერდით, ლევან გოგიჩაიშვილი და ის დავინახე, რომ აქციაზე არის. მინდა გახარიასაც ვუთხრა კაცურადაც და ადამიანურადაც, აქედან მილანძღია, იცოცხლე, არც თუ ისე უსაფუძვლოდ, 20 ივნისი დღემდე ვერ მომიხარშია, ახლა არ არის ერთმანეთის წყენების გახსენების დრო, აქ უნდა ვიდგეთ ყველა, პრანჭვის დრო არ არის, ერთად ბრძოლის დროა. ამათ რომ დავამარცხებთ, მერე დავერიოთ კაცო, მაგაში კი ვართ მსოფლიო ჩემპიონები ერთმანეთის ლანძღვაში, არჩევნებს რომ დავანიშვნინებთ მერე ვიკამათოთ, მერე ვიკინკლაოთ, მაგრამ ახლა ჩვენს თავში უნდა მოვძებნოთ ძალა, ჩვენს თავზე, ჩვენს წყენებზე, ჩვენს ბოღმაზე მაღლა დავდგეთ, ერთმანეთს ხელი ჩამოვართვათ, რადგან საქართველო განსაცდელშია და ყველამ გადავარჩინოთ ჩვენი საქართველო“, – განაცხადა ელისაშვილმა.