წალენჯიხის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზედა საჩინოში უმძიმესი ტრაგედია დატრიალდა. მოზარდს ავტომობილი დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა. მსუბუქი ავტომანქანას ადგილობრივი მაცხოვრებელი გია ჭკადუა მართავდა. ტრაგედია იმ დროს მოხდა, როცა მოზარდი დედას სკოლიდან გამოჰყავდა.
გარდაცვლილი მოზარდი მე-3 კლასის მოსწავლე ნიკოლოზ სალიაა. ადგილობრივების თქმით, ავარიის მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება.
როგორც ცნობილი ხდება ტრაგედიას მოზარდის ძმა შეესწრო. უმძიმესი შემთხვევის შესახებ წერს ჯვარის მე-4 საჯარო სკოლის დირექტორი. სწორედ ამ სკოლის მოსწავლეები იყვნენ ნიკოლოზი და მისი ძმა საბა.
“მე დღეს ჩვენს სკოლაში თვითნებურად დავუშვი ჩვენი სახელმწიფო დროშა… რადგან როცა მესამე კლასელი, ცხრა წლის მოსწავლე, გზაზე ასე ტრაგიკულად იღუპება, ეს არის ქვეყნის ტრაგედია და მას მთელი ქვეყანა გლოვობდეს უნდა და ასეც არის… ამ დღეებში ჩვენს სკოლაში დაგვიდგა თავზარდამცემი გლოვის დღეები… ჩვენი ნიკო სალია დედასთან გზაზე, თავის სახლამდე 100 მეტრამდე სიახლოვეს, ავტომობილმა გაიტანა, ნიკო იმსხვერპლა.. ამ ტრაგიკულ მომენტს ხმაურზე მისმა უფროსმა ძმამ საბამ მიუსწრო და თავისი ხელით გამოაცალა მკვლელ ავტომანქანას თავისი უსაყვარლესი ძმა…
ამ ძალიან მძიმე წუთებში მე და მთელი ჩვენი სკოლა, მოსწავლეები და მასწავლებლები შენს გვერდით გვიგულე საბა… ახლა შენ, შენი და ნიკოს წილი სიყვარული და სიკეთე უნდა დათესო, რაც ყველაზე მთავარია, შენი და ნიკოს წილი უნდა ისწავლო და ორივეს წილი უნდა ემსახურო სამშობლოს, შენს მშობლებს სიცოცხლის უნარი უნდა დაუბრუნო და ამ ტკივილთან ერთად ცხოვრება უნდა შევძლოთ ყველამ ერთად!” – წერს გერონტი გოგოხია.
ambebi.ge