სტიქია დასავლეთ საქართველოში – ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში რამდენიმედღიანმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა. დაზიანდა შიდა სასოფლო გზები, დაიმეწყრა გარკვეული მონაკვეთები.
სოფელ ჩოჩხათიდან რამდენიმე ოჯახი სამაშველო სამსახურმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანა. ფოთში კი სტიქიის გამო, სკოლებსა და ბაღებში სასწავლო პროცესი შეჩერდა – დატბორილი გზები აფერხებს დაწესებულებების ფუნქციონირებას. ქალაქი მესამე დღეა სტიქიას ებრძვის.
მერიის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ქარბორბალა განმეორდა და დააზიანა საცხოვრებელი სახლების სახურავები. ამ დროის მონაცემებით, ჯამში დატბორილია 200-მდე სახლის პირველი სართული, ქარის შედეგად კი დაზიანებულია 50-მდე შენობის სახურავი.