“მსაჯი შოკშია ქართველის სილამაზით” – ამ წარწერით მკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე, მოლდოვაში გადაღებულ ვიდეოს აუცილებლად ნახავდით, თუ სოციალურ ქსელში ერთხელ მაინც შეხვიდოდით. ვიდეო მსოფლიომ აიტაცა და დიდი მითქმა-მოთქმაც მოჰყვა… ვიდეოში აღბეჭდილი ქართველი მკლავჭიდელი 30 წლის ხატია ვიბლიანი გახლავთ…
– საერთოდ, სპორტით ბავშვობიდანვე ვარ დაკავებული. დღესდღეობით, ფიტნესინსტრუქტორი ვარ. ცოტა ხანია, რაც მკლავჭიდში ვარჯიში დავიწყე. სპორტის ამ სახეობასთან შეხება ბავშვობაშიც მქონდა, რადგან მამა მკლავჭიდელია – ახალგაზრდობაში კარგი შედეგები ჰქონდა… ბავშვობაში მამა მავარჯიშებდა, თუმცა ჩემი მიზანი მკლავჭიდელობა არ ყოფილა. უბრალოდ, ბოლო პერიოდში, როგორც ჩანს, გენებმა მაინც თავისი ქნა და გადავწყვიტე, სპორტის ამ სახეობით დავკავებულიყავი. ბევრისგან მესმოდა, რომ ამისთვის რესურსი, შესაძლებლობა მქონდა… 4-5 თვეა, ინტენსიურად ვვარჯიშობ, სპორტს პროფესიონალურად მივყვები. ჩემთვის ეს რთული არ ყოფილა. მართალია, წლების წინ მკლავჭიდთან შეხება მქონდა, თუმცა ბევრი რამ არ ვიცოდი: ტექნიკა, მაგიდასთან დგომა და კიდევ ბევრი სხვა მნიშვნელოვანი დეტალი… მკლავჭიდი ძალიან მიყვარს, მსიამოვნებს… ეს სპორტის მარტივი სახეობა არ არის, რომ ვინმეს დაძალებით ან ხათრით კარგი შედეგი “დადო” – ეს სფერო უნდა გიყვარდეს.
– თქვენს ბავშვობაზე მეტი გვიამბეთ…
– მამას ბიჭი არ ჰყავს. ყოველთვის უნდოდა, ჰყოლოდა. ამიტომ “ბიჭურად” მზრდიდა: ყოველ საღამოს კრივში, მკლავჭიდში მავარჯიშებდა. თავად არ მსიამოვნებდა, ძალიან ვიღლებოდი (იცინის)… ზრდასრულობისას უცხოეთში ვცხოვრობდი, ვსწავლობდი, ვმუშაობდი… მკლავჭიდის გარდა, ძალიან მომწონდა ტაეკვანდო და ვვარჯიშობდი, მაგრამ პანდემიის პერიოდში თავის დანებება მომიხდა. საქართველოში დავბრუნდი. შემდეგ უკვე ჩემში მკლავჭიდის მიმართ სიყვარულმა გაიღვიძა. ტაეკვანდოსთან დაკავშირებით, დღესაც გული მწყდება, მაგრამ მივხვდი, რაღაცები ტყუილად არ ხდება – ალბათ, კარგიც იყო, რომ ასე მოხდა, რადგან გავაცნობიერე, მკლავჭიდი ნამდვილად “ჩემია”. ახლა, მოლდოვაში ჩატარებულ მკლავჭიდის მსოფლიოს ჩემპიონატზე, უკვე დიდი გამოცდილება, გაკვეთილი მივიღე. თავისთავად, წაგება სასიამოვნო არ ყოფილა, მაგრამ გული საერთოდ არ მწყდება – ამან დიდი მოტივაცია მომცა: ერთი სული მაქვს, მსოფლიოს ჩემპიონატი ისევ როდის გაიმართება. მინდა კარგი შედეგები მქონდეს, მკლავჭიდის სამყაროში ჩემი სახელი დავწერო… მსურს, მამამ დაინახოს, რომ მის საქმეს ვაგრძელებ.
– შეჯიბრებაში თქვენი მონაწილეობის ამსახველი ცნობილი ვიდეოს შესახებ მოგვიყევით – რა მოხდა რეალურად?
– ამაზე დღესაც მეცინება, რადგან კარგად ჯერ კიდევ არ მაქვს გააზრებული – ამხელა გამოხმაურებას არ ველოდი (იცინის). ჩემპიონატში პირველად ვმონაწილეობდი. თავისთავად, ვნერვიულობდი, დაბნეულიც ვიყავი, რადგან ამხელა ტურნირზე პირველად ვასპარეზობდი. მსაჯისკენ არც გამიხედავს. ვიდეოში ჩანს, პირჯვარს როგორ ვიწერ. შემდეგ მივედი, მაგიდასთან დავდექი… ამასაც მოჰყვა გამოხმაურება. ზოგი წერს – მარჯვენა ფეხით ავიდა, მსაჯმა ქალმა უკან დააბრუნა და ხელახლა კიდევ იმიტომ ავიდაო… რეალურად, იმ დროს არანაირი შენიშვნა არ მიმიღია. ვიდეოშიც ჩანს, რომ ქალი ხელით მანიშნებს – დაფის (რაზეც დავდექი) სიმაღლე დამაკმაყოფილებელია თუ არაო? უკან დავბრუნდი, შემდეგ ისევ ავედი… მამაკაც მსაჯს რაც შეეხება, ვგრძნობდი, რომ მიყურებდა. მისგან იმხელა ენერგია მოდიოდა, რომ რაღაცნაირად, შემეშინდა – ახლა არ დამიყვიროს, რამეს არასწორად ხომ არ ვაკეთებ-მეთქი (იცინის)?! შეჯიბრების შემდეგ, ვიდეო (რომელიც ჩემმა მეგობარმა მკლავჭიდელმა გადაიღო) გადავახვიე – გამოქვეყნებას ვაპირებდი. მაშინ შევამჩნიე, – ეს კაცი როგორ მიყურებს-მეთქი?! ზოგმა თქვა, პირჯვარი რომ გადავიწერე, თითქოს ამან გააკვირვა, მაგრამ როგორც ვიცი, პირჯვრის გადაწერა არ უკვირს – უამრავ ასეთ კადრს ხედავს. მეც არ ვიცი, რამ გააოცა, მაგრამ ალბათ, გარეგნობის გამო მომაშტერდა – როგორც ჩანს, მოვეწონე… ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ის ვიდეო ამდენ “ნახვას” დააგროვებდა. შოკი მივიღე – ამ ვიდეოში ისეთი რა ხდება, რომ ხალხმა ასე აიტაცა?!
– შეჯიბრების შემდეგ, იმ მსაჯთან კონტაქტი თუ გქონდათ?
– შეჯიბრების შემდეგ, “ფართი” გვქონდა. მისი ნახვა იქ მომიხდა. როგორც ჩანს, ეუხერხულა. მორიდებით შემომხედა, მომესალმა და წავიდა. ჩვენ შორის არანაირი დიალოგი არ ყოფილა.
– თქვენს გარეგნობასთან დაკავშირებითაც დიდი მითქმა-მოთქმა ატყდა. წერენ, თითქოს პლასტიკური ქირურგიის დამსახურებით ხართ ასეთი ლამაზი…
– ამასთან დაკავშირებით ბევრი “ჰეითი” წამოვიდა. კომენტარებს აღარც ვკითხულობდი… მხოლოდ ზედა ტუჩი მაქვს “გაკეთებული”. თავადაც არ მომწონს, როგორც მაქვს, რადგან სხვისი გაფუჭებული ბოლო ექიმმა ვერ გამოასწორა, თუმცა ცუდად არ მაქვს, მაგრამ ბევრს აღიზიანებს… ცხვირის ოპერაციის გაკეთებას ვაპირებ, რადგან ძგიდე გადახრილი მაქვს, თუმცა ვარჯიშის გამო, გარკვეული პერიოდი ოპერაციას ვერ გავიკეთებ. მალე საქართველოს ჩემპიონატი გაიმართება, შემდეგ – ევროპის… ამიტომ სერიოზული ვარჯიში მომიწევს…
– ხატია, მსოფლიოს ჩემპიონატზე მეტოქეობას ვინ გიწევდათ?
– უკრაინელი გოგონა. არა მგონია, დიდად პროფესიონალი ყოფილიყო – მისგან უფრო მეტ ძალას ველოდი, მაგრამ იმასაც ვიტყვი, რომ სათანადო წინააღმდეგობა ვერ გავუწიე. იქ სულ სხვა რამ ხდება, სხვა ემოციებია… როცა ამხელა ტურნირზე პირველად მონაწილეობ, როგორი ძლიერიც უნდა იყო, შეიძლება, უცებ გაითიშო – ნერვიულობას თუ აჰყევი, გასაკეთებელს ვერ გააკეთებ. სამწუხაროდ, სწორედ ასე დამემართა: შეჯიბრებამდე – არა, მაგრამ ბოლო წუთებში ნერვიულობა “ჩამერთო”.გამოცდილებაც მაკლია, რადგან ამ სფეროში ახალი ვარ – გასულ 4 თვეში დახვეწა ვერ მოვასწარი. მუშაობა კიდევ მჭირდება, რა თქმა უნდა. შეიძლება, ნერვიულობის გამო, მთელი ძალა ვერ გამოიყენო სპორტსმენმა. ფაქტობრივად, მეტოქეს ხელი “გავატანე”, ჩემი შესაძლებლობა, ძალა ვერ გამოვიყენე. ჩემპიონატიდან დაბრუნებული მივხვდი, იქ რაც მოხდა და ვამბობდი, – აბა, ახლა გადამიწიოს ხელი, თუ გადამიწევს-მეთქი (იღიმის)…
– უცხოეთში სწავლა ახსენეთ. სად, რას სწავლობდით?
– 6 წელზე ცოტა მეტი დრო ესპანეთში გავატარე. უცხო ენებს ვსწავლობდი. ქართულის გარდა, ვიცი: რუსული, ინგლისური, ესპანური, იტალიური, ახლა კი თურქულს ვსწავლობ. სწავლის პარალელურად, ვმუშაობდი ბარში, რესტორანში… შემდეგ, თავისუფალ დროს ტაეკვანდოთი დავკავდი. ესპანეთში ცხოვრებისას ფოტომოდელიც ვიყავი. ამ საქმეს საქართველოშიც მივყვები, მაგრამ სამწუხაროდ, აქ ფოტომოდელობა ისე არ ფასობს, როგორც ესპანეთში.
– უცხო ენების ცოდნის მიმართულებით გიმუშავიათ?
– არა. შემოთავაზებები ყოფილა, ამ საქმეზე მეც მიფიქრია, მაგრამ საქართველოში თუნდაც, ანაზღაურება დამაკმაყოფილებელი არ ყოფილა. ამიტომ არ მიღირდა… უბრალოდ, ჰობის დონეზე ვსწავლობ – ეს მსიამოვნებს. ისედაც, პოლიგლოტობა მინდოდა (იღიმის)… ასევე, მიყვარს ხატვა, მუსიკა, ცეკვა.. საკუთარ ნამუშევრებს თავად ვერ შევაფასებ, მაგრამ ბავშვობიდან ვხატავ, ვმღერი (მუსიკალური სასწავლებელი დავამთავრე), ქართულ ხალხურ ცეკვებს ვასრულებდი…
– დაოჯახებული ხართ?
– ამჟამად ქორწინებაში არ ვიმყოფები. მყავს 2 შვილი.
– წარმომავლობის გარდა, სვანეთთან რა გაკავშირებთ?
– სხვათა შორის, სოციალურ ქსელებში, კარგ კომენტარებს ძირითადად, სვანები მიწერენ. როგორც შევამჩნიე, ეამაყებათ, რომ სვანი ვარ. სვანეთში ასვლას ხშირად ვერ ვახერხებ, მით უმეტეს – ბავშვთან ერთად, მაგრამ როცა საშუალება მაქვს, ვცდილობ ავიდე, ჩემი კუთხე, საყვარელი ადამიანები მოვინახულო… თბილისში დავიბადე, სვანეთში გავიზარდე. გარკვეული პერიოდის შემდეგ ესპანეთში გავემგზავრე… უკვე 4 წელია, საქართველოში ვარ და სპორტი ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.
– საქართველოში, მკლავჭიდი ქალებს შორის სპორტის პოპულარული სახეობაა?
– არა. მოგეხსენებათ, საქართველოში მკლავჭიდი სპორტის როგორი დაჩაგრული სახეობაა. ბევრს ეს საკითხი აშინებს და ხელს უშლის, რომ ნაბიჯი გადადგას და მკლავჭიდში ვარჯიში დაიწყოს.
– დაჩაგრული რა მხრივ არის?
– თუნდაც, სახელმწიფო ხელს არ უწყობს. სპორტსმენებს ელემენტარული დაფინანსება სჭირდებათ, რომ ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღონ, რაც სამწუხაროდ, არ აქვთ… იმ კატეგორიას, ვისაც სპორტის ეს სახეობა უყვარს და უნდა, რაღაცას მიაღწიოს, ამას საკუთარი ხარჯებით, ვალებით აკეთებს. ბევრს ეს ფაქტი აშინებს: მათთვის ესაა დამაბრკოლებელი მიზეზი, რატომაც მკლავჭიდით არ კავდებიან. ამაზე მეც მიფიქრია – არ მიფასდება და მიღირს-მეთქი?.. მაგრამ ისე მიყვარს და მინდა, რომ – კი, მიღირს…
წყარო: kvirispalitra.ge