ვარკეთილში 2 ადამიანის მკვლელობაში ბრალდებული პირველად ალაპარაკდა – რა ჩვენება მისცა მან სასამართლოს?

თბილისის საქალაქო სასამართლომ ვარკეთილში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს აღკვეთის სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

სასამართლოს ტავად ბრალდებულიც ესწრებოდა, რომელიც მოსამართლის წინაშე ჩვენება მისცა.

როგორც იური კალანდარიშვილი ამბობს, მას ორივე პირი სახლში მიეჭრა და საფრთხე შეექმნა მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლეს, რის გამოც, იძულებული გახდა იარაღი გამოეტანა:

“ბევრჯერ დამარტყეს. უკვე ისეთ მდგომარეობაში ვიყავი, რომ ვგრძნობდი, რომ გონებას ვკარგავდი და გავიქეცი იქით ოთახში. მომსდევდნენ… იარაღით შევაშინებ მეთქი, როგორც კი ამოვიღე მომკიდეს ხელი და წართმევა უნდოდათ ამ იარაღის ” ამბობს ბრალდებული.

შეგახსენებთ, მკვლელობა 5 ივნისს მოხდა. გამოძიების ცნობით, იური კალანდარიშვილმა ურთიერთშელაპარაკების დროს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ორ პირს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა. მიყენებული დაზიანებების შედეგად დაზარალებულები ადგილზე გარდაიცვალნენ.

მოკლულები არიან კალანდარიშვილს მეზობლად მცხოვრები 39 წლის ბაჩო ბაშარული და მისი მეგობარი, 40 წლის ნიკა არჩვაძე. ბრალდებული ამბობს, რომ ის აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა და დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია. როგორც სასამართლო სხდომაზე განმარტა, ბაშარული და არჩვაძე სახლში მიუვარდნენ, მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა და საფრთხე შეუქმნეს მისი და მისი ცოლ-შვილის სიცოცხლეს, რის გამოც იძულებული გახდა კუთვნილი სანადირო თოფი გამოეტანა.