ცნობილი ქართველი საოპერო მომღერალი თამარ ივერი თავისი სამომვალო გეგმების შესახებ საუბრობს:
“უახლოეს მომავალში საზღვარგარეთ ვაპირებ გამგზავრებას. რამდენიმე შეთავაზება მივიღე, თუმცა დეტალურად ჯერ არაფერს ვიტყვი. ზუსტად ვიცი, რომ ბათუმში დაარსებულ კონკურსს შევინარჩუნებ და მაქსიმალურად ვეცდები სათანადო ყურადღება მივაქციო ჩემს მოსწავლეებს, თუმცა გარკვეული პერიოდით მაინც მომიწევს საქართველოს დატოვება და საზღვარგარეთ გადაბარგება.
საერთოდ, ძალიან ხშირად გვიწევს მოგზაურობა, პრაქტიკულად მთელი ცხოვრება ჩემოდნებზე ვზივართ, ვმღერით ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ განწყობაზე, რადგან არავის აინტერესებს რამდენად დაღლილი ან უგუნებოდ ხარ. გამართლება ჩვენს სფეროში ნაკლებად საიმედოა, რადგან ერთხელ ნებისმიერს შეიძლება გაუმართლოს, კარიერის შენარჩუნებას კი, წლების მანძილზე სჭირდება მუშაობა.
ქალისთვის მომღერლობა უფრო რთულია, ვიდრე მამაკაცისთვის, რადგან ქალს ოჯახის მოვლის ვალდებულებაც აქვს. ტყუპები როცა შემეძინა იძულებული გავხდი პაუზა ამეღო, რადგან წარმოუდგენლად მომეჩვენა ბავშვების გასტროლებზე ტარება და მათთან ერთად მუდმივად სასტუმროებში ცხოვრება. რა თქმა უნდა, კარიერაზე ხელის აღება არ ღირს, მაგრამ პრიორიტეტების განსაზღვრა და საგასტროლო გრაფიკის შემსუბუქება მაინც საჭიროა.
ბოლო დროს ძალიან შეიცვალა საოპერო ხელოვნება, ბევრი სპექტაკლი მხოლოდ ყურადღების მიქცევისა და სკანდალის მოწყობისთვის იდგმება, რაც ძალიან შეურაცხმყოფლად მიმაჩნია, როგორც ავტორისთვის, ისე პუბლიკისთვის. საბედნიეროდ, მსგავს დადგმებში მე არასდროს მიმიღია მონაწილეობა, თუმცა ძალიან რთულია საკუთარი აზრის და სურვილების გამოთქმა, როცა კონტრაქტის პირობებით ხარ შეზღუდული” – განუცხადა რადიო “ფორტუნას” თამარ ივერმა.