18 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ თბილისში, დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში მოკლული იპოვეს მოდელი კესარია აბრამიძე. არსებული ინფორმაციით, მას სასიკვდილო ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით აქვს მიყენებული.
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი დაკავებულია, დანაშაული კი 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ტრაგიკულად დაღუპულ მოდელს სოციალურ ქსელში მსახიობი იუნა შაფათავა ემშვიდობება და მას ემოციურ პოსტს უძღვნის:
„ვერ ვიტან დამშვიდობებას, ყველაზე რთული მომენტია, მაგრამ უნდა გამოვაყოლო ქარს რამდენიმე სიტყვა, შენთვის მოსატანად..
მხიარული მინდა იყოს, მიუხედავად იმისა, რომ ისეთი მძიმეა, რაც მოხდა და ისეთი მოულოდნელი…თუმცაღა უფრო – შენთვის. შენი ფრენის ტრაექტორია სულ რაღაც წუთებში შეიცვალა და ვიცი, რადგან ვიცით უკვე ადამიანებმა, ეს ცოდნა გვაქვს, რომ უკეთეს ადგილას გაფრინდი, მაგრამ რატომ ასე მტკივნეულად. იმედია იმ გზაზე უფრო მეტი სიკეთე შეგხვდება და დარწმუნებული ვარ, ასეც იქნება.
სულ მეფიქრება, მაინც რომ მიხვდი, მორჩა, დაუბრუნებელ გზაზე ხარ, რა გაიფიქრე, ნეტავ..
ის, რომ – რატომ? თუ ის, ამდენი რომ იბრძოლე, შენი ბედნიერებისთვის და იმან, რაც და ვინც გაბედნიერებდა, გაგიმეტა და მოგკლა…ფიქრობდი, იმედი გქონდა, რომ ვერ გაგიმეტებდა.. და შეგეშინდა, როცა სიკვდილმა გაშალა ხელები, შენს ჩასახუტებლად… გშთანთქა…
თუ ის, რომ ბრძოლა აღარ მოგიწევდა, ბედნიერებისთვის და მუდმივი დაცინვის, ბულინგის, შეურაცხყოფისგან დაისვენე… თუ ის, რომ ვინც გიყვარდა, იმის ხელით წახვედი და იქნებ, იმ სასტიკ წამში იმით, რომ მაინც შენს გვერდით იყო, კვლავ ბედნიერი იყავი მისი სიახლოვით, რადგან გიყვარდა, როგორც ამბობდი.
ოჰ, როგორ ვცდებით, ჩვენი მახრჩობელა რომ გვიყვარდება ხოლმე. ის, რომ იცოდი, გაწამებდა და სარგებლობდა იმით, რომ მაინც გიყვარდა და პატიობდი, შენს საწინააღმდეგოდ არ მეტყველებს. ეს მისი სადიზმი და ეგოიზმია, რომ იოკებდა თავის სიყვარულს და მისი სირცხვილი, რომ საჯაროდ არ ეყო კაცობა, აღიარების, რომ შენ უყვარდი.
ჩვენი ბნელი და უცოდინარი მედია, ვერ ხვდებოდა, რომელი მხრიდან და როგორ გაეშუქებინე.
შენი გამბედაობა, იმ ბნელ ქვეყანაში, ეპატაჟი და სკანდალი ეგონათ, შენ კი უბრალოდ, ბედნიერებას ეძებდი…
მე რომ მეტკინა, ეს არაფერს ნიშნავს, იმასთან შედარებით, რამდენის გადმოცემა შეგეძლო შენი სასტიკ ხალხთან ბრძოლის შედეგად და როგორ გვინდოდა ყველას. შენი ბედნიერებისთვის მიგეღწია. ხომ მიაღწიე, ხომ ხარ ვარსკვლავი და ლეგენდა გახდი.
ვერ აცდი ამ გზის გაუგონარ დასასრულს, მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდი და ჩვენც ხელს გიწყობდით, აგცდენოდა ის საშინელი კარმა, განსხვავებული ცხოვრებისთვის, საქართველო რომ ყველა განსხვავებულს სასტიკად სჯის. რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს გახდი, შენით და შენმა სიძლიერემ კი დაგღუპა, თუმცა სიამაყით ვიტყვი, კესარია, ლეგენდა ხარ.
ლეგენდა ხარ, რომ გაუძელი, რომ იყავი ქალი, ლამაზი გოგო. რომ ჩვენც- მე პირადად ქალურ რჩევებს მაძლევდი- გოგო, მოგიხდება, გაიკეთე. რომ გვეყო ძალა, ადამიანობას, სიკეთეს, მეგობრობას გაემარჯვა. ვისაც და რასაც არ უნდა დავაბრალოთ, შენი გაუჩინარება დღევანდელი დღიდან, სამწუხარო ის არის, რომ შენს მასტერკლასებს ველოდი.
ამტანობის და გამძლეობის მაგალითი გახდი. როგორ ვერ დაგიცავით, გოგონი…. და როგორ ვწუხვარ, რომ
ჩვენი წიოკის გაგრძელება ვერ მოესწრო, არადა როგორ ვაპირებდით, იმ სასაცილო ვიდეოებზე პასუხს.
ჩვენი ლეგენდა გოგო.
რა ვქნათ ახლა, ვისზე გავიშვიროთ ხელი – აი, ხასიათის მაგალითი… რა ხელმოცარული დაგვტოვა იმ
არაკაცმა… ამბობენ, როცა მიდიხარ, ბოლოს ხმა ითიშება, გრძნობებიდან და ისე მინდა, მჯეროდეს, რომ
მიხვდა, რა დააშავა და სიყვარულში, მაინც გამოგიტყდა და ლამაზი სიტყვები მიგაყოლა…ვინ გაიგებს ახლა, რა გითხრა, რა იყო ბოლო სიტყვები, რაც გაგაყოლა და მაქვს იმედი და ვითხოვ, აღიაროს, რა დიდი შეცდომა დაუშვა და პატიებას გთხოვს და ჩვენს და ყველას გასაგონად მინდა და ვითხოვ, თქვას: კი, მიყვარდა, მიყვარდა და ლაჩარი ვიყავი. აი, ამას ველი მისგან. შენ იცოდი, რომ უყვარდი, მაგრამ უნდა თქვას, საჯაროდ, საჯაროდ თქვას: მიყვარდა!!!
არაფერს შეცვლის და არ გაგაცოცხლებს მოკვდავთა სამყაროში, მაგრამ ცხოვრების კანონზომიერება ითხოვს, საჯაროდ აგვიხსნას, რომ უყვარდი!
სასტიკი, სასტიკი, სასტიკი ორფეხა ცხოველები ვართ. ისეთი დაცარიელებული ვარ, ვისთან ერთად გავაკეთებთ ახლა ყველაზე რეიტინგულ შოუს, ნუქსზე ვინ იჩხუბებს.
მეღიმება და გაოგნებული ვარ, საქართველოს დემოკრატიის ფარი იყავი, რატომ და როგორ, ვერ დაგიცავით….
იმედია, სადაც წახვედი, იქ სქესი სიკეთის და სიყვარულის განმსაზღვრელად არ ითვლება. Love is love.
ხომ ხედავ, საქართველოს პრეზიდენტიც მოვიდა, პატივის მისაგებად შენთვის. ხომ ხედავს ყველა, რაც არ მოგაწოდეს, სანამ აქ იყავი, კომპენსაციის სახით, ბოდიშის სახით, ცდილობენ, ახლა დაგიმტკიცონ, ადამიანობა და სოლიდარობა.
შეუძლებელი შეძელი, გოგონი. გკოცნი, გეხუტები, როგორც ხეები გადასცემენ ერთმანეთს ფიქრებს ფესვებით, ისე გადმოგცემ ჩემს ჩახუტებას, შემდეგ სამყაროებში შეხვედრამდე, არ მინდა, შენს მხიარულ თავზე მტირალა პოსტები, არ ვუყურებ მავანის ფოტოებს, „ბოლო გზიდან“, შენ სულ „სუპერსთარის ვიდზე“ უნდა მახსოვდე, კესარია, მე კესოსაც არ გეძახდი არასდროს, გახსოვს, როგორ ამაყად თქვი: „კარალევად მიცნობენ“.
ჰო და ასე, ჩემი გოგო, შენ შენი მისია გქონდა და შენი ბრჭვიალა კვალი დატოვე, შორს ვარ და ვერც დავესწრებოდი იმ ამბებს, შენ ცოცხალი უნდა მახსოვდე სულ, და დღეს შორს, ოკეანის სანაპიროზე ღიმილით გაგიხსენეთ მე და ჩემმა ოჯახმა და მოგეფერეთ. რადგან შენ სულ ბედნიერების გზას მიჰყვებოდი, ღიმილით, შენი მოღიმარი სახე და იდუმალების შუქი, რომ ეგონათ, გიცნობდნენ, უფრო ჰარმონიულ განზომილებებში გამოგყვეს მეგზურად და დიდ შუქად ქცეულიყავი თავად“, – წერს იუნა შაფათავა.
წყარო: digest.ge