“გათხოვების მერე “ოქროს გალიაში”აღმოვჩნდი… ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა, კინოსთან გამომშვიდობება” – მსახიობის ერთადერთი ინტერვიუ “კვირის პალიტრის” არქივიდან: კოტრიკაძე მეუღლესა და შვილებზე

პირველი გამოჩენისთანავე მზესავით გამოანათა – ჟღალი თმით, ბავშვურად გაბუტული ტუჩებით, ეშმაკური გამოხედვით­ და ჭორფლიანი, ლამაზი სახით. სულ სამ ფილმში გადაიღეს. პირველი სოსო ჩხაიძის­ “მეთხუთმეტე ზაფხული” გახლდათ. მაშინ ხათუნა კოტრიკაძე­ 15 წლის იყო. დიდხანს არჩევდა თურმე რეჟისორი მთავარ როლზე გოგონებს. პირველ საშუალო სკოლაში ნახა 15 წლის ხათუნა და არჩევანიც მასზე შეაჩერა… ფილმის დასრულების მერე კი უთხრა: იცოდე, როცა ცნობილი მსახიობი გახდები, არ დაივიწყო, რომ მე აღმოგაჩინეო. მართლაც, პირველ ფილმს მალევე მოჰყვა ლეილა გორდელაძის “მოიტაცეს თამარ ქალი”, შემდეგ იყო ლევან ხოტივარის “მხიარული რომანი”. ნორჩი და კოხტა ახალბედა მსახიობი­ ცნობილი ფეხბურთელის, ალექ­სანდრე კოტრიკაძის ქალიშვილი და ასევე ცნობილი­ ფეხბურთელის, სერგო კოტრიკაძის ძმისშვილი გახლდათ. თავიდან ბევრს ეგონა, რომ ის ცნობილი მამის­ და ბიძის გამო მიიწვიეს კინოში, მაგრამ ეს ასე არ იყო. ხათუნას ლამაზ გარეგნობასთან ერთად საოცარი შარმი ჰქონდა. ბევრი რეჟისორი იწვევდა ფილმებში, თუმცა 17 წლისა­ გათხოვდა და სამუდამოდ დაემშვიდობა კინოს.

მისი მეუღლე ასევე ფეხბურთელი, თბილისის “დინამოს” ცნობილი მეკარე დავით­ გოგია გახდა. მეუღლის თხოვნით ხათუნამ­ უარი თქვა კინოკარიერაზე, ცალკეც აღარსად­ ჩნდებოდა – წვეულებებზე, თეატრსა თუ სხვა თავყრილობაზე მეუღლესთან ერთად ხედავდნენ. გააჩინა ვაჟი და შვილის აღზრდაში ჩაეფლო. დედა მუდამ მის გვერდით იყო… როცა რეჟისორის თანაშემწეები ან ჟურნალისტები რეკავდნენ ხათუნასთან სახლში,­ მათ დედა პასუხობდა­: ხათუნა უკვე დედაა­ და სხვა საქმეზე ვერ გადაერთვებაო… ყველა­ გრძნობდა, რომ ქალბატონი სიძის სურვილს უფრო ამჟღავნებდა, ვიდრე თავისას… წარმატებული და ხმაურიანი ცხოვრებიდან უცებ გამქრალი ჟღალთმიანი გოგონა კარჩაკეტილ, იდუმალ ქალად გადაიქცა…

გავიდა დრო. როცა პუტჩისტებმა ეროვნული­ მთავრობა დაამხვეს და თბილისი ნანგრევებად აქციეს, ხათუნა თბილისში­ ვეღარ გაჩერდა და სოფელ დიღომში გადასახლდა. ყვავილების ბაღი მოაშენა, კარგი­ ბიბლი­ოთეკაც მოიწყო და ასე ატარებდა მძიმე 90-იანებს…

ხათუნა ჩემი თაობის ფავორიტი გოგო იყო. მახსოვს, მისი ეკრანზე გამოჩენის დღიდან ვბაძავდით: თმასაც ხათუნასავით ვატარებდით, “ჩოლკა” შევიჭერით, ჭორფლსაც ვიხატავდით სახეზე… სულ მინდოდა მასთან ინტერვიუს ჩაწერა და როცა მისი ტელეფონის ნომერი მოვიპოვე და დავურეკე, გაუკვირდა, აქ როგორ მომაგენითო… მერე ცოტა ხანს შეყოვნდა და მითხრა, თუ გადავწყვიტე, თავად შეგეხ­მიანებითო. იმედი გადამეწურა, რადგან ვიცოდი, არავის იკარებდა, თუმცა… ორი კვირის შემდეგ დამირეკა: გადავხედე “კვირის პალიტრას”, ობიექტური და ზომიერი გაზეთია, თქვენი წერილებიც წავიკითხე და თანახმა ვარ ინტერვიუზე, ოღონდ, დღემდე რაც მტკივა, იმაზე უნდა მალაპარაკოთო­… სიხარულით დავთანხმდი და დღეზეც შევთანხმდით, ოღონდ საათი­ არ დამიკონკრეტებია… მე და პაპარაცი­ (ჩვენი გიორგი აბდა­ლაძე) გავემართეთ სოფელ დიღმისკენ, თუმცა რა ვიცოდით, რომ წინ “სიურპრიზი” გველოდა: სახლთან მისულებს­ ჯერ უზარმაზარი კავკასიური ნაგაზი ყეფით “შეგვეგება”, მერე ჩვენკენ გამოექანა და კიდევ კარგი,­ ჯაჭვით იყო დაბმული, თორემ შეგვჭამდა. როგორც იქნა, ეზოში ცნობილი მეკარე გამოვიდა. ავუხსენით, ვინც ვიყავით, მან კი ცივად მოგვიგო: ხათუნას სძინავს­ და ვერ გავაღვიძებო… რაღას ვიზამდით, წამოვედით ყურებჩამოყრილი. საღამოს მაინც შევეხმიანე ხათუნას, ვერ ვიჯერებდი,­ რომ მან ათქმევინა უარი ქმარს… ძალიან შეწუხდა, მოგვიბოდიშა, დამავიწყდა ქმარი გამეფრთხილებინაო და ამჯერად თბილისში, წინამძღვრიშვილის სახლში დაგვიბარა… ინტერვიუზე ქმართან ერთად მოვი­და, რომელმაც­ მე და ფოტოკორესპონდენტს ხელი ჩამოგვართვა, შევრიგდე­თო, გვითხრა და ნაყინის ტორტი მოგვართვა. მერე მარტო დაგვტოვა. მე და ხათუნამ კი კარგა ხანს ვისაუბრეთ მის ცხოვრებაზე…

427078309-1534226990480511-4769303192278637888-n-1708866595.jpg

როცა ხათუნას გარდაცვალების ამბავი­ გავრცელდა, ინტერნეტსივრცეში დავწერე კიდეც, რომ ერთადერთს მე მომეცა­ საშუალება ჩამეწერა-მეთქი. იმდენი კითხვა­ შემომივიდა, გადავწყვიტე ჩვენი შეხვედრა­, ინტერვიუ და ბევრი დეტალი, რომელიც მაშინ ვერ გავიდა, გამეხსენებინა. ინტე­რვიუ 2001 წლის აგვისტოში ჩავწერე.­ ხათუნა­ კოტრიკაძე მაშინ 45 წლის გახლდათ…

– რაღაც განსაკუთრებული სათქმელი­ გქონიათ… ვიცი, თქვენი გულისტკივილი 1991-92 წლების ტრაგიკულ მოვლენებს უკავშირდება, რის შემდეგაც საერთოდ გაერიდეთ თბილისს.

– მართალია. მე არ შემეძლო ამ ქალაქში გაჩერება, სადაც ქართველი ქართველს ესროდა. კიდევ კარგი, რომ სოფელ დიღომში ერთი დაუმთავრებელი სახლი გვქონდა, თორემ მოვკვდებოდი. დანგრეულ თბილისში გაჩერებაც შეუძლებელი იყო…

– ოჯახში არ გაგიწიეს წინააღმდეგობა?

– კი, მაგრამ მე ვაჯობე. დედაჩემიც გამომყვა. მამაჩემი და ჩემი ქმარ-შვილი­ პირველ დღეებში არც მაკითხავდნენ, ფიქრობდნენ­, რომ მე, მანამდე ყველაფრით უზრუნველყოფილი­ ქალი ვერ გავუძლებდი ყოფით პრობლემებს და მალე დავბრუნდებოდი შინ, მაგრამ ერთი კვირა რომ გავიდა, იძულებულებული იყვნენ, მოეხედათ ჩვენთვის­. ისეთი საშინელი იყო 1993 წლის ზამთარი, გახსენება დღესაც მზარავს. დიღმელებმა მითხრეს, არასოდეს მომხდარა, რომ ლეღვის ხე მოყინულიყოო, იმ ზამთარს კი მოიყინა. იცით, როგორ მიჭირდა? იმდენად­ ელდანაცემი ვიყავი, რომ ადგილს ვერ ვპოულობდი, ვერ ვიძინებდი, სულ ვფორიაქობდი… არ დამავიწყდება 1993 წლის 2 თებერვალი, როცა მშვიდობიან მოსახ­ლეობას ნიღბოსნებმა ცირკთან სროლა აუტეხეს.­ იქ მე და დედაც ვიყავით. მაშინ მთხოვა დედამ: თუ ჩემი ხათრი გაქვს, აქედან წამიყვანეო. შემეცოდა­ და გამოვაშორე იქაურობას.

– როგორ მოხდა, რომ იქ დავით გოგიას გარეშე წახვედით?

– (ეღიმება) ეს ერთა­დერთი შემთხვევა­ იყო, როცა “ავიწყვიტე”. მაშინ დათოს ვუთხარი, თუ მიტინგებზე სიარულს დამიშლი, გაგშორდები და არასოდეს გაპატიებ-მეთქი.

423944283-946277169757139-5884488496779673443-n-1708866595.jpg

– მიტინგებზე მანამდეც დადიოდით?

– ეროვნული მოძრაობა­ რომ აზვირთდა, მაშინაც ხშირად დავდიოდი და მერეც, როცა იარაღიანმა­ მოძალადეებმა­ ხალხის ნებით არჩეული პრეზიდენტი გააძე­ვეს საქართველოდან. იმ წუთებში პირადად­ პრეზიდენტს კი არ ვიცავდი, არამედ ხალხის ნებას, ჩვენს კონსტიტუციურ უფლებას… ზვიად გამსახურდია ჩემთვის ის პიროვნება გახლდათ, რომელმაც­ სახარება­ ამაღებინა ხელში. როდესაც მისი “საქართველოს მისია” წავიკითხე, მაშინვე დავეწაფე ბიბლიას. ამ გადასახედიდან შემიძლია ორ ნაწილად გავყო ჩემი ცხოვრება: ერთია ყოვლად უინტერესო, მდორედ ჩავლილი ახალგაზრდობა უფლის რწმენის გარეშე. მეორეა, ღმერთთან მიახლების პერიოდი, რომელიც 35 წლის ასაკიდან დამეწყო…

– ბავშვობა ლამაზად არ გაგონდებათ?

– მართლაც ფერადი და უზრუნველი­ ბავშვობა მქონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ოჯახიდან გამომდინარე იყო. დავამთავრე პირველი საშუალო სკოლა, მერვე კლასში ვიყავი, როცა რეჟისორი სოსო ჩხაიძე გვესტუმრა სკოლაში, გოგონას ეძებდა თავისი მოკლემეტრაჟიანი ფილმისთვის “მეთხუთმეტე ზაფხული”. არჩევანი ჩემზე შეაჩერა და ასე მივიღე პირველი როლი. მერე, ლეილა გორდელაძემ გადამიღო ფილმში “მოიტაცეს თამარ ქალი”. ამას მოჰყვა “მხიარული რომანი”. სამივე ფილმი 15-დან 17 წლამდე მოვასწარი…

426720318-759153066150211-2430706864580127358-n-1708866595.jpg

– მერე, რატომ დასრულდა თქვენი კინოკარიერა ასე მალე?

– (იღიმება) გასაგები მიზეზების გამო.

– გინდათ, მე გითხრათ ეს მიზეზები?

– აბა, თქვით!

– ამბობენ, დათო გოგია ისეთი ეჭვიანი ქმარი აღმოჩნდა, რომ კინოში გადაღება­ კი არა, შინიდანაც აღარ უშვებდაო.

– ეგ მართალია. 17 წლის გავთხოვდი და მაშინვე გამოვემშვიდობე კინოს, რადგან ქმარმა კატეგორიულად მომთხოვა ეს.

423944419-1384732852157607-2536245910338457478-n-1708866595.jpg

– მერე არ დაგწყდათ გული? ან მამათქვენს არ შეეძლო სიძეზე ზეგავლენა­ მოეხდინა?

– როგორ არ დამწყდა, მაგრამ რაღა ეშველებოდა ამას? მამა კი არასოდეს ერეოდა ჩვენს საქმეში. ის ტრადიციულ ოჯახში გაზრდილი კაცი იყო, რომელსაც მიაჩნდა, რომ გათხოვების მერე ქალი ქმრის ნება-სურვილს უნდა დაჰყოლოდა.

– გინდათ, მეორე ჭორიც გითხრათ?

– რა თქმა უნდა. მაინტერესებს, რამდენად მართალია.

– იმასაც ამბობდნენ, ხათუნამ ვერ გაუძლო ქმრის გაუთავებელ ეჭვიანობას, მშობლებთან დაბრუნდა და ქმარმა დიდი ხნის მერე ძლივს შეირიგაო.

– არც ეგ არის სიმართლეს მოკლებული­, ოღონდ, დიდი ხანი არ დასჭირვებია დათოს ამისთვის. მის ეჭვიანობას მეორე მხარე დადებითი ჰქონდა: არაჩვეულებრივად მზრუნველი და ყურადღებიანი იყო და არის. ჩემი მეგობრები გიჟდებიან დათოზე­. ის მათთვის მამაკაცის ეტალონია. მე არ მქონდა სხვაგან წასვლის უფლება, თორემ ჩვენი სახლი მუდამ სავსე იყო ჩემი მეგობრებით. არ მახსოვს, დილით რაიმე მენატრა და საღამომდე არ შემსრულებოდა. როცა დედას რამეს შევჩივლებდი, მეტყოდა ხოლმე: შენს ქმარს ბევრი კარგი თვისება აქვს, ხელისგულზე გატარებს, ყველა სურვილს გისრულებს და მის ამ ერთადერთ ნაკლს როგორმე დაუხუჭე თვალიო. ზოგჯერ მიჭირდა თვალის დახუჭვა, მაგრამ მეც ტრადიციულ ოჯახში ვიყავი გაზრდილი და ჯერ მშობლების, მერე ქმრის ნება-სურვილს ვემორჩილებოდი. გათხოვების მერე “ოქროს გალიაში””აღმოვჩნდი. რამდენჯერმე მქონდა გაბრძოლების მომენტი, მაგრამ საბოლოოდ ბედს დავნებდი. ოჯახი, ქმარ-შვილი და სიმშვიდე ჩემთვისაც პრიორეტიტული აღმოჩნდა.

– ვიცი, რომ ბევრგან მიგიწვიეს მთავარ როლზე…

– დიახ, იყო შემოთავაზებები. ირაკლი კვირიკაძე იღებდა ფილმს და ძალიან უნდოდა, რომ მე მეთამაშა ერთ-ერთი მთავარი როლი. თავის მეგობარს, ჩემს“”აღმომჩენ” სოსო ჩხაიძეს სთხოვა დაერეკა ჩვენთან, მაგრამ დედამ აუხსნა, როგორი სიტუაციაც იყო. ჩხაიძემ კი უთხრა: ძალიან გული მწყდება, რომ ხათუნა ასე ჩაჯდა სახლშიო…

– თქვენი სპეციალობა რა არის?

– დავამთავრე უნივერსიტეტის ბიოლოგიური ფაკულტეტი. ერთი დღეც არ მიმუშავია. მახსოვს, ერთხელ მამას ვთხოვე,­ მომბეზრდა შინ ჯდომა, ეგებ, სამსახური მიშოვო-მეთქი. წარმოიდგინეთ, უარი მითხრა: თუ დათოს არ უნდა, მისი სურვილის წინააღმდეგ ვერ წავალო.

– მამაზე რას მეტყვით?

– მამა თავგადაკლული იყო ფეხბურ­თზე­. საქართველოში რაც კი საფ­ეხბუ­რთო­­ ბაზაა, თითქმის ყველა მამაჩემის აშენებულია. პატარაობიდანვე მახსოვს, როგორ ფუსფუსებდა საფეხბურთო მოედნებზე. ათასი წვრილმანი მიჰქონდა ხოლმე სახლიდან. სხვას არავის ანებებდა, თავისი ხელით კრეჭდა მოედნის ბალახს.

– დათო გოგია სად გაიცანით?

– მამასთან, როგორც მწვრთნელთან, ხშირად მოდიოდა ხოლმე. მამას ძალიან უყვარდა ის და ხშირად ამბობდა, საუკეთესო ფეხბურთელი დადგებაო. სწორედ ჩემს ოჯახში გავიცანი დათო. მან მამას ვერ შეჰბედა ჩემი ხელის თხოვნა, ამიტომ მშობლები მოიყვანა. მაშინ დათო 25 წლის იყო, მე 17-ის. ჩემი ქმარი ერთ-ერთი ყველაზე სტაჟიანი მეკარე აღმოჩნდა. ბიძაჩემი სერგოც თავის დროზე მეკარე იყო და სულ ამბობდა, მე რომ დათოს მონაცემები მქონოდა, უკეთესი ფეხბურთელი ვიქნებოდიო…

426721548-359273430256873-3839725830976325008-n-1708866595.jpg

– შვილზეც გვითხარით ორიოდე სიტყვა.

– პირველ კურსზე ვიყავი, გიორგი­ რომ მეყოლა. მაშინ მშობლებთან ვცხოვრობდით, რადგან დათო სულ თამაშებზე იყო, კვირაში ორჯერ თუ მოვიდოდა შინ. ახლა გიორგი 27 წლისაა, ჰყავს ძალიან კარგი მეუღლე თამუნა და პატარა მარიამი. გაგეცინებათ და ერთმანეთი კომპიუტერული­ მიმოწერით გაიცნეს, მერე შეხვდნენ, შეუყვარდათ ერთმანეთი და დაქორწინდნენ… როცა მე ველოდებოდი შვილს, ისე მინდოდა გოგონა, ჭკუას ვკარგავდი. ყველა­ თოჯინა მოვრთე და თამუნა დავარქვი. მერე, როცა გიორგიმ მოიყვანა ცოლი, მათი ჯვრისწერისას ღვთისმშობლის ხატს შევ­თხოვე, ოღონდ გოგონა მაჩუქე და მარიამს დავარქმევ-მეთქი. შეისმინა ჩემი ვედრება – 14 ოქტომბერს, სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულზე შეგვეძინა გოგონა. ჩემი ქმარი მეუბნებოდა, რა გინდა, ხომ აიხდინე სურვილი, თამუნაც შემოგივიდა ოჯახში და მარიამიც გაჩუქაო.

– გამიგია, სოფელ დიღომში საქონელსაც­ უვლით და სოფლის მეურნეობასაც კარგად უძღვებით…

– ეს ადრე იყო: ძროხაც გვყავდა, ღორებიც და ქათმებიც, მერე ვეღარ გავწვდი ამდენ საქმეს და თავი დავანებე. ახლანდელი ჩემი სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა მხოლოდ ყვავილების ბაღით შემოიფარგლება.

– ისევ თქვენს ხანმოკლე კინოკ­არიერას დავუბრუნდეთ. იმ სამი როლიდან რომელი იყო ყველაზე საყვარელი?

– სამივე ძალიან მიყვარს, მაგრამ უპირატესობას “მხიარულ რომანს” ვანიჭებ. არაჩვეულებრივ მსახიობებთან ერთად ვიმუშავე: იპოლიტე ხვიჩია, მეგი წულუკიძე, დოდო აბაშიძე, რამაზ გიორგობიანი, კუკური ლაფერაძე, მედეა ჩახავა – ეს ხომ ის გუნდია, რომელიც მუდამ ამშვენებდა ქართულ კინოს. განსაკუთრებით, იპოლიტეს გვერდით ყოფნა მიყვარდა. ძალიან თბილი და კოლორიტული პიროვნება გახლდათ. ისეთი კარგი მოყოლა იცოდა, არასოდეს მოიწყენდით მასთან.

– ბედნიერი ხართ?

– თუ ბედნიერება მხოლოდ მატერიალ­ურზე ააგე, რა თქმა უნდა, ვერ იქნები ბედნიერი. როცა სულიერებას ჩართავ ცხოვრებაში, თავს უთუოდ ბედნიერად იგრძნობ.

P.S. როგორც თავად აღნიშნა, 35 წლიდან სულიერად ამაღლდა, ღმერთის რწმენითა და სიყვარულით იცხოვრა და იმედია, ჟღალთმიანი, ლამაზი, მაგრამ იდუმალებით აღსავსე ხათუნა კოტრიკაძე ბედნიერი წავიდა იმ ქვეყნად…

წყარო: kvirispalitra.ge