სიმსივნე დღემდე რჩება თანამედროვე ჯანდაცვის მთავარ გამოწვევად. სიმსივნური დაავადებები მთელ მსოფლიოში სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად ითვლება. სტატისტიკის მიხედვით, ამ დიაგნოზით ყოველწლიურად, დაახლოებით, 10 მილიონი ადამიანი იღუპება, თუმცა ეს მონაცემები არ ნიშნავს იმას, რომ სიმსივნე სასიკვდილო განაჩენია.
მრავალი წელია, რაც მეცნიერები კიბოს საწინააღმდეგო ეფექტიანი წამლის შექმნას ცდილობენ, მაგრამ აქამდე არცერთ მედიკამენტს 100%-იანი შედეგი არ ჰქონია.
ბრიტანელი მეცნიერების ცნობით, ეს რიცხვი მალე სამუდამოდ შეიცვლება.
კლინიკურმა კვლევამ დაადგინა, რომ მედიკამენტმა, სახელად კიტრუდამ, ნაწლავის კიბო ზოგ პაციენტში სრულად გააქრო.
პრეპარატი სპეციფიკურ პროტეინს მიზანში იღებს და იმუნურ უჯრედებს ზედაპირზე ბლოკავს, შემდეგ ის კიბოს უჯრედებს ეძებს და ანადგურებს.
მკვლევარებმა დიდი ბრიტანეთის 5 საავადმყოფოდან ნაწლავის კიბოს მეორე და მესამე სტადიის მქონე 32 პაციენტი შეარჩიეს. მათ ქიმიოთერაპიის ნაცვლად, 9 კვირის განმავლობაში აძლევდნენ კიტრუდას. შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტების 59%-ს მკურნალობის შემდეგ კიბოს ნიშნები აღარ აღენიშნებოდა, დანარჩენ 41%-ს კი სიმსივნე ოპერაციის დროს ამოუღეს.
ექიმების თქმით, იმუნოთერაპიის პრეპარატმა, რომელიც ნაწლავის კიბოს განკურნების შანსებს მკვეთრად ზრდის, შესაძლოა, ქირურგიული ჩარევის საჭიროება გააქროს.
კვლევას ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი, საუნივერსიტეტო კოლეჯის საავადმყოფო, მანჩესტერის საქველმოქმედო ფონდი, ლიდზის წმინდა ჯეიმსის საუნივერსიტეტო საავადმყოფო და გლაზგოს უნივერსიტეტი ხელმძღვანელობდნენ.
ექიმები ვარაუდობენ. რომ ოპერაციამდე იმუნოთერაპია კიბოს მქონე პაციენტების მკურნალობის ახალ საშუალებად დაინერგება. რადგან ის პაციენტებს ქიმიოთერაპიისა და მისი გვერდითი ეფექტებისგანაც იცავს.
მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში, კვლევა ასევე შეაფასებს გადარჩენისა და რეციდივის სიხშირეს.
მკვდარი უჯრედების ახლით ჩანაცვლება უწყვეტი პროცესია. თუმცა ახალი უჯრედები ზოგჯერ მაშინაც ჩნდება, როცა საჭირო არ არის, მრავლდება და სიმსივნედ იქცევა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წელიწადში ნაწლავის კიბოს 1.9 მილიონზე (მილიონ 900 ათასზე) მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება, 900 000-ზე მეტი ადამიანი კი იღუპება. საქართველოში, გავრცელების კუთხით, ნაწლავის კიბო მესამე ადგილას დგას.