ცისნამი საყვარლიშვილი 21 წლის ასაკში იქცა მარტოხელად დედად. მალე იგი ემიგრაციაში წავიდა და შვილის დატოვება საქართველოში მოუწია.
წლების შემდეგ ერთადერთი შვილი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ირაკლიმ დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.ცისნამი ამბობს, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია. ახლა კი შვილს დაბრუნებას სთხოვს… რთულია მისი საუბარი ემოციის გარეშე მოისმინო, დედის, რომელმაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად შვილი მაინც ვერ დაიბრუნა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.
„ჩემმა ერთადერთმა სისხლმა და ხორცმა, ჩემმა შვილმა გადაწყვიტა საქართველოში დაბრუნება და თბილისში ცხოვრება. ახლა იქ მინდა ვცადო ბედიო. ზაზა ფაჩულიას აკადემიაში უნდა დაბრუნება და იქიდან საქართველოს ნაკრებში თამაში. ამერიკაში მაღალი კონკურენციაა კალათბურთში, ოთხი წელი ვერაფერი გავაკეთო აქ, რთულიაო ურთიერთობები და წავიდა. მე და ჩემი მეუღლე არ ვეთანხმებოდით, ასე ადვილად აქ არაფერი მიიღწევა, დროა, საჭირო და ბევრი შრომა. მამამისმა, რომელიც ასევე ამერიკაში ცხოვრობს ჩუმად უყიდა ბილეთი და თბილისში გაუშვა. ისე წავიდა რომ არ დამემშვიდობა. ჩუმად გაიპარა. თუ ჩემს გადაწყვეტილებას პატივს არ სცემ, ხელს მაინც ნუ შემიშლიო. ზუსტად ვიცი, რომ 16 წლის ბავშვი ასეთ გადაწყვეტილებას მარტო ვერ მიიღებდი და მამის ზეგავლენის ქვეშაა მოქცეული.
წავიდა და მის შემდეგ გულის ტკივილები მაქვს. ისე ცუდად ვარ, რომ მეშინია გული არ გამისკდეს და გულმოკლული, გულნატკენი არ წავიდე ამ ქვეყნიდან. სერიოზულად ვამბობ ამას. ღამეები არ მძინავს. ირაკლის ოთახში ალექსანდრეს გარეშე ვეღარ შევდივარ, იმდენად ემოციურია ჩემთვის. ხმამაღლა ვტირი და ვეძახი: “ირაკლი, ირაკლი, სადა ხარ შვილო? რატომ დამტოვე? რატომ წახვედი? ჩემთვის სიკვდილის ტოლფასია, რომ ირაკლი ჩემს გვერდით აღარ არის. მიყვარხარ შვილო. მალე დაბრუნდი დედასთან, გემუდარები.
დღევანდელი გადმოსახედიდან ვხედავ, რომ რაც არ უნდა გაჭირვებული იყოს ადამიანი, შვილი არ უნდა დატოვოს და ემიგრაციაში არ უნდა წავიდეს. ამ დროს შვილებს ისე ჩუმად ვკარგავთ, რომ ვერც ვიგებთ. გადასული ვართ ფულის შოვნასა და დაგროვებაზე და ამ დროს გვავიწყდება ჩვენს შვილებს როგორ ვჭირდებით. ფერადი ტანსაცმლისა და “აიფონების” მაგიერ დედის ალერსი და სითბო სჭირდებათ. ვერანაირი მატერიალური ნივთი და ფუფუნება ვერ ამოავსებს იმ დანაკლისს რასაც დედის არ ყოფნით განიცდიან. ამას ვერ გვპატიობენ და დააქვთ თავიაანთი პატარა გულებით ამხელა ტკივილი და დანაკლისი. შემდეგ ერთ ბინას იყიდის, მერე მეორე ბინის ყიდვა უნდა, ბიზნესის აწყობა, დაბრუნებაზე აღარ ფიქრობს და უფრო და უფრო მეტი უნდება. ამასობაში კი ვკარგავთ ყველაზე მნიშვნელოვანს, შვილებს. არ დატოვოთ შვილები და ემიგრაციაში არ წახვიდეთ. ეს ჩემი რჩევაა. ვინც გაითვალისწინებს ხომ კარგი.
მშობლებო, არ უთხრათ ცუდი თქვენს შვილს მეორე მშობელზე. ამით მხოლოდ ბავშვის გაღიზიანებას გამოიწვევთ. მე ვცდილობდი ჩემი სიმართლე დაენახა, მაგრამ ძალიან პატარა იყო ამისთვის. ეგ ვერ გავითვალისწინე. ამაზე ვჩხუბობდით ხოლმე. ვინც გაზარდა მათი სიმართლის სჯეროდა. ანუ ვითომ მე დავტოვე მამამისი და კაი ცხოვრების საშოვნელად წავედი ემიგრაციაში. შარშან “ია ფარულავას” შოუში მამა და ბებია რომ საჯაროდ გავულანძღე ეგ ვერ მაპატია.
ირაკლი ჩემზე გაბრაზებულია, ბებიაა მისთვის დედა და მე არავინ. გაუცხოვება ეგრევე იგრძნობა. ჩვენს შორის დიდი კედელი იყო აღმართული. ვცადე და ვერ დავანგრიე. ჩემს შვილს ჩემი არ ესმოდა, მე მისი. რაღაცას ვეტყოდი და შენი გაზრდილი არა ვარო. ეგ სიტყვები, როგორც დანა გამიყარონ გულში ისე მხვდებოდა. ძალიან კარგი ბიჭია, უზომოდ განათლებული, წესიერი, კულტურული, ზრდილობიანი, ლამაზი, მაგრამ ჩვენ ერთმანეთის არ გვესმის. ვწუხვარ რომ ჩემს შვილს ჩემი არ ესმის. თან ახლა ისეთი ასაკი აქვს, დედა მტერი ჰგონია და დანარჩენი ყველა მოყვარე. იმედია მალე შეიცვლება ეს ყველაფერი და ირაკლი გონს მოეგება. მე ვცდილობდი კარგი დედა ვყოფილიყავი. უბრალოდ ისიც კი არ ვიცოდი როგორი დედა უნდოდა მას. ძალიან ძნელია როცა სხვის ყაიდაზე გაზრდილი შვილი, შენს ყაიდაზე ვეღარ გადაგყავს. ის შენი აღარაა.
ირაკლი ავჭალაშია მამამისის მშობლებთან. არ მეკონტაქტება, გაბრაზებულია ჩემზე, თუ რატომ ვარ ისტერიკაში და რატომ ვერ ვუგებ მას. მე ყოველ დღე ვწერ და ვხედავ როგორ ნახულობს და არ მპასუხობს. რამდენჯერაც არ მპასუხობს, იმდენჯერ დანა მერჭობა გულში!” – უთხრა “ამბებს” ცისნამი საყვარლიშვილმა.