ერთი თვის წინ, მსოფლიო ტაბლოიდები ჰოლივუდის ვარსკვლავის, 61 წლის ტომ კრუზის ახალ შეყვარებულზე ელსინა ხაიროვაზე ალაპარაკდნენ. წყვილი ყურადღების ცენტრში ლონდონში გამართულ ერთ-ერთ წვეულებაზე მოექცა. ამ თემაზე ambebi.ge-ზე ვრცელი სტატია გამოქვეყნდა.
36 წლის ელსინა ყოფილი მოდელია რუსეთიდან, რომელიც ბრიტანეთის მოქალაქეა. ქალი დაქორწინებული იყო რუს ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვზე. ელსინა თავის ყოფილ პარტნიორთან ერთად ფლობდა არაერთ სასახლეს ინგლისში, რომელთა ღირებულება 20 მილიონ დოლარზე მეტს შეადგენდა. თუმცა რამდენიმე თვის წინ წყვილი სკანდალურად გაიყარა და ქონების გაყოფის დავამ სასამართლო დარბაზში გადაინაცვლა.
ელსინას მამა რინატ ხაიროვი რუსი პოლიტიკოსია, რომლის საპარლამენტო უფლებამოსილება სახელმწიფო სათათბიროში 2021 წელს დასრულდა.
“ჩემი ქალიშვილი უკვე ზრდასრულია. მისი ქმარი ბიზნესმენია და ჰყავს ორი შვილი. სკოლის დასრულების შემდეგ გათხოვდა და მოგვიანებით დაამთავრა ლონდონის ვესტმინსტერის უნივერსიტეტი“, – ამბობდა მამა ქალიშვილზე ერთ-ერთ ინტერვიუში.
რინატ ხაიროვს კიდევ ერთი ქალიშვილი, ალინა ხაიროვა ჰყავს, რომელიც ქართველზეა დაქორწინებული, თუმცა ამაზე ქვევით მოგიყვებით.
რინატ ხაიროვის პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის არაფერია ცნობილი. 2011-2020 წლების შემოსავლის დეკლარაციებში ნახსენები იყო პოლიტიკოსის ცოლი, მისი შემოსავალი კი წელიწადში 7 მილიონი რუბლის დიაპაზონში მერყეობდა.
როგორც აღვნიშნეთ, ხაიროვს ორი ქალიშვილი ჰყავს – ელსინა და ალინა. ელსინა ხაიროვა უფროსი ქალიშვილია, რომელიც წლებია, რაც რუსული და მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრშია მდიდრული ცხოვრებისა და ყოფილი მილიარდერი ქმრის გამო.
2018 წელს ბრიტანულმა ტაბლოიდებმა გამოაქვეყნეს სარეიში მდებარე სასახლის ფოტო, რომელიც რუსი პოლიტიკოსის ქალიშვილმა შეიძინა, სტატიაში ლაპარაკი იყო თანხის კრიმინალური წარმოშობის შესახებ. ქალმა ასევე შეიძინა ბინა ლონდონში, ტრანზაქციის მთლიანი თანხა იყო 32 მილიონი ფუნტი. რინატ ხაიროვმა თქვა, რომ მას არაფერი აქვს საერთო ამ ხარჯებთან და ისაუბრა ელსინას ქმრის, ბიზნესმენ დიმიტრი ცვეტკოვი შესახებ, რომელსაც სერიოზული ინვესტიციები ჰქონდა რუსეთშიც.
მსახიობ ტომ კრუზისა და მისი ქალიშვილის სასიყვარულო ურთიერთობას, რინატ ხაიროვმა “სისულელე და სიბინძურე” უწოდა.
- ვინ არის ხაიროვების ქართველი სიძე?
რაც შეეხება რინატ ხაიროვის მეორე ქალიშვილს, ალინას, სწორედ მისი მეუღლეა ქართველი ბიზნესმენი ირაკლი ბუხიაშვილი, რომელიც სოციალურ ქსელში იძებნება როგორც “ირაკლი კახელი“
ჩვენი ინფორმაციით, ბუხიაშვილების ოჯახი წლები ცხოვრობდა რუსეთში. ბიზნესმენის მშობლები ახლა საქართველოში ცხოვრობენ, თუმცა ბევრს მოგზაურობენ. რაც შეეხება ბუხიაშვილ-ხაიროვას წყვილს, მათ რამდენიმე წლის წინ იქორწინეს და ამჟამად კვიპროსში ცხოვრობენ.
როგორც სხვადასხვა წყაროებიდან მოვიძიეთ, ირაკლი ბუხიაშვილი საქართველოს პოლიტექნიკური უნივერსიტეტის ფინანსური სამართალის დოქტორია. მას ასევე დამთავრებული აქვს რუსეთის სახელმწიფო ჰუმანიტარული უნივერსიტეტის მაგისტრატურა, საერთაშორისო სამართალისა და იურისპრუდენციის მიმართულებით.
ირაკლი ბუხიაშვილი კვიპროსში რეგისტრირებული ფირმის “FINE LIFE GROUP იურიდიული და ფინანსური სერვისების“ გენერალური დირექტორი და წამყვანი იურისტია. აღნიშნული ფირმა გთავაზობთ იურიდიულ და ფინანსურ მომსახურებას ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა კვიპროსი, დიდი ბრიტანეთი, რუსეთი, უკრაინა, საქართველო და საბერძნეთი. კომპანიას ყველა ქვეყანაში თავისი ფილიალი აქვს, მათ შორის საქართველოშიც.
2016 წელს “ინტერპრესნიუსზე“ გამოქვეყნებულ სტატიაში ვკითხულობთ:
“სასტუმრო “რადისონ ბლუ ივერიაში“ კომპანია “ფაინ ლაიფ გრუპმა“ მომსახურებისა და გლობალური პროექტების შესახებ ბიზნეს კონფერენცია ჩაატარა. ღონისძიებას დაესწრნენ ქართველი და უცხოელი ბიზნესმენები, სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. აღნიშნული კონფერენციით “ფაინ ლაიფ გრუპის“ თბილისის ოფისის პრეზენტაცია მოხდა.
“ფაინ ლაიფ გრუპი“ გლობალურ საკონსულტაციო კომპანიას წარმოადგენს. ძირითადად, მომსახურებას ვუწევთ ბიზნეს კომპანიებს. საქართველოში შემოგვაქვს სერვისები, რომლებიც დღემდე ქართულ საკონსულტაციო კომპანიებს არ ჰქონიათ.
“დღეს შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ მზად ვართ მცირე, საშუალო და მსხვილი კლიენტების მომსახურებისთვის არა მარტო კლასიკური იურიდიული სერვისების, არამედ მენეჯმენტის, კონსალტინგის, საერთაშორისო კომპანიების დაარსების, მათი ადმინისტრირების მიმართულებით. ჩვენ მოვიწვიეთ ჩვენი მომხმარებლები. გვინდა საქართველო ჩვენს კლიენტურას გავაცნოთ“, – აცხადებდა “ფაინ ლაიფ გრუპის“ გენერალური დირექტორი ირაკლი ბუხიაშვილი”.
ირაკლი და ალინა 2017 წლიდან ერთად არიან. ირაკლიმ საყვარელ ქალს ხელი საქართველოში სთხოვა, მათი რომანტიკული ფლეშმობის ვიდეო სოციალურ ქსელშიც იძებნება.
წყვილი ბევრს მოგზაურობს, ვიპოვეთ ფოტო, რომელზეც ბრიტანეთში ერთ-ერთ წვეულებაზე ელსინა, ალინა და “ირაკლი კახელი” ერთად არიან.
როგორ დასრულდება ელსინა ხაიროვასა და ტომ კრუზის რომანი უცნობია, თუმცა რუსი პოლიტიკოსის უმცროსი ქალიშვილის გული, კახელმა ბიზნესმენმა უკვე რამდენიმე წელია მოიგო…