მიმდინარე წლის იანვარში, ათენის ცენტრში რამდენიმე დღის წინ მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის კვალმა სამართალდამცველები, სავარაუდოდ, ქართველ კრიმინალებთან მიიყვანა.
გავრცელებულ კადრებში კარგად ჩანს, თუ როგორ ჩაცხრილეს ცნობილი მაფიოზი ვანგელის ზამბუნისი. ორმა შეიარაღებულმა პირმა საკუთარ ავტომობილში მას 96 ტყვია ესროლა.
ერთ-ერთი ვერსიით, ეს არის პასუხი, ორი წლის წინ, ასევე ბერძენი მაფიოზის, იანის სკაფტუროსის ლიკვიდაციაზე, რომელიც დაქირავებული კილერების მიერ განხორციელდა. ადგილობრივი მედიის ცნობით, სწორედ 2022 წელს მოკლული ბერძენი მაფიოზის მკვლელობისთვის დააკავეს ორი მამაკაცი. ბრალდებულთა ვინაობა ოფიციალურად არ ვრცელდება, თუმცა მედია წერს, რომ ორივე საქართველოს მოქალაქეა. დაკავების ოპერაციაში ათობით პოლიციელი მონაწილეობდა.
ბერძნული მაფიის ლიდერი, იანის სკაფტუროსი, მეტსახელად “ბიძი ჯო”, 2022 წელს, საკუთარ აგარაკზე, ოჯახის წევრების თვალწინ ჩაცხრილეს.
მისი დაჯგუფების ორი წევრი კი, გასული წლის ივნისში, სავარაუდოდ, იმავე იარაღით მოკლეს. ადგილობრივი მედია წერს, რომ საქმის გახსნასა და დამნაშავეების დაკავებას ბიძგი მისცა ათენში გასულ კვირას მომხდარმა კრიმინალური ვენდეტამ. გამოძიების პროცესში, სამართალდამცველებმა, სხვა მტკიცებულებებთან ერთად, მოიპოვეს დნმ-ის ნიმუშები, რომელიც 2022 წლის მკვლელობის დროს აღებულ ნიმუშებს დაემთხვა.
ნარკოტიკების, სიგარეტისა და საწვავის კონტრაბანდა – საბერძნეთში მოქმედ მაფიოზურ დაჯგუფებებს შორის სისხლიანი დაპირისპირებები უკვე დიდი ხანია გრძელდება. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ამ მოტივით, 20-ზე მეტი მკვლელობა მოხდა. მედია წერს, რომ კონფლიქტში ჩართულია ქართული მაფიაც, რომელიც ბერძნულ დაჯგუფებებს შორის არსებულ დაპირისპირებას საკუთარი გავლენების გასაფართოებლად იყენებს.
უკვე გავრცელდა კადრები, თუ როგორ გადაჰყავთ დამნაშავეები სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. მათ ბრალი მკვლელობებისა და ორგანიზებული დანაშაულისთვის წარუდგინეს. ბრალდებულთა ვინაობა და დანაშაულში ქართველების როლზე მეტი დეტალი, სავარაუდოდ, მომდევნო დღეებში გახდება ცნობილი.