კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში შემზარავი დანაშაული მოხდა. ზვიად ზურაბაშვილმა სამი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა – მეუღლე ფიქრია თუღულაშვილი და ორი მეგობარი: მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. ზურაბაშვილს სამართალდამცველები ეძებენ.
“საშინელი ტრაგედია დატრიალდა. არ ვიცი, რა ვთქვა… ვერ ამიხსნია, რატომ უნდა მომხდარიყო ასეთი სასტიკი დანაშაული. მკვლელობაში ბრალდებული ზვიად ზურაბაშვილია. სავარაუდოდ, ამ დანაშაულის მიზეზი ეჭვიანობაა. არადა, ისეთი კარგი მეუღლე ჰყავდა, ეჭვიანობის საფუძველი მას არ ჰქონდა…
ასევე, მოკლულები არიან მალხაზ მამისაშვილი და როინ კობიაშვილი. სამივე ბავშვობის მეგობრები იყვნენ, ერთად გაზრდილები, სამივე ერთ უბანში ცხოვრობენ. ახლა გავრცელდა ხმა, მკვლელმა თავი მოიკლაო, მაგრამ პოლიციას ჯერ არ დაუდასტურებია ეს ინფორმაცია…
სამი ადამიანის მკვლელობის შემდეგ ზვიადი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზვიადს ძალიან კარგი მეუღლე ჰყავდა, ფიქრია ერქვა – ძალიან კარგი გოგო, უპატიოსნესი ადამიანი, ორი შვილის დედა, მასზე ცუდს ვერავინ იტყვის. ზვიადს ეჭვიანობის საბაბი არ ჰქონდა, მაგრამ ძალიან პათოლოგიური სიმთვრალე ჰქონდა, რომ დათვრებოდა, სულ სხვა ადამიანი იყო. ეს თვითონაც იცოდა და იშვიათად სვამდა, რადგან რამდენჯერაც დათვრა, ყოველთვის შეექმნა პრობლემა, ყოველთვის ვიღაცასთან მოუხდა კონფლიქტი…
ზვიადი ბავშვობიდან წავიდა თბილისში, იქ ჰქონდა ბიზნესი, სოფელში ხშირად ჩამოდიოდა ხოლმე, აქაც აქვს ვენახები. სავარაუდოდ, მკვლელობის დღეს მთვრალი იქნებოდა, სხვანაირად ვერ წარმომიდგენია, ეს ტრაგედია რატომ უნდა დატრიალებულიყო. სახლში რემონტი ჰქონდათ, მალხაზი ხელოსანია და ეტყობა ეხმარებოდა – აბაზანას აკეთებდნენ… სწორედ იქ უნახავთ მალხაზი მოკლული, ფიქრია კი – სამზარეულოში. შემდეგ გავიგეთ, რომ როინიც მოუკლავს. ყველანი შოკში ვართ. მიზეზი არ ვიცით. ამბობენ ეჭვიანობის გამო მოკლაო”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
კიდევ ერთი მეზობლის ინფორმაციით, ზვიად ზურაბაშვილმა, ცოლისა და მალხაზ მამისაშვილის მკვლელობის შემდეგ, სოფელ ზეგანში როინ კობიაშვილს მიაკითხა.
“როინი სოფელ ზეგანში ღვინის ქარხანაში მუშაობდა. იქ მიაკითხა ზვიადმა როინს, ეტყობა, დაურეკა და გარეთ გამოიყვანა და მოკლა… საწყლები, როინიც და მალხაზიც ძალიან კარგი ბიჭები იყვნენ. მალხაზ მამისაშვილი 44 წლის, ხოლო როინი – 40 წლის იყო. ზვიად ზურაბაშვილი დაახლოებით 35 წლის იქნება. ერთ უბანში გაიზარდნენ და ბავშვობის მეგობრები არიან. როინს ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა…
სავარაუდოდ, ზვიადმა დანაშაული პათოლოგიური სიმთვრალის გამო ჩაიდინა, თორემ ფიქრია უწესიერესი გოგო იყო. დიდი ხნის ცოლ-ქმარი არიან, ორი შვილი ჰყავთ… თავისი შვილებიც დააობლა. ზვიადს თბილისში თავისი პატარა ბიზნესი აქვს, არ უჭირდა ეკონომიურადაც. სულ ამ ბიჭებთან ტრიალებდა და არ ვიცი, რა მოხდა. მათთან კონფლიქტიც კი არ ჰქონდა… ალბათ, ეშმაკი შეუჩნდა. არც ის ვიცი, იარაღი საიდან მოიტანა”, – უთხრა “კვირის პალიტრას” მეზობელმა.
კვირის პალიტრა