რა ხდება ამ დროსთვის თურქეთში, სადაც ქვეყნის ხუთ რეგიონში ხანძარი მძვინვარებს

თურქეთის სატყეო სამინისტროში აცხადებენ, რომ ხანძარი ქვეყნის ხუთ პროვინციაში მძვინვარებს. ამასთან, უწყების ცნობით, იზმირში სიტუაცია შემსუბუქდა და დასახლებულ რაიონებს საფრთხე აღარ ემუქრება.

მინისტრ იბრაჰიმ იუმაკლის განცხადებით, იზმირის პროვინციის კარშიაკის რაიონში ხანძარი სამი პირის მიერ პიკნიკის დროს დანთებული ცეცხლის შედეგად გაჩნდა. მისი თქმით, ხელისუფლება აღნიშნული პირების დასადგენად მუშაობს.

„ცეცხლის ინტენსიურობა შემცირდა და ამ მომენტისთვის დასახლებულ ზონებს საფრთხე აღარ ემუქრება“, – თქვა მინისტრმა.

იზმირში ცეცხლი, რომელიც ძლიერი ქარის გამო სწრაფად გავრცელდა, პარასკევს საცხოვრებელ სახლებსა და ბიზნესობიექტებს მოედო, რის გამოც ასობით ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო. იზმირის მერის, ჩემილ თუღაის ინფორმაციით, დამწვარია 16 საცხოვრებელი სახლი და ინდუსტრიულ ზონაში მდებარე 30 ობიექტი. ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით კი, ხანძრის შედეგად დაშავდა 78 ადამიანი.

მეხანძრეები ტყის ხანძარს ებრძვიან ასევე თურქეთის დასავლეთით, აიდინისა და მანისას პროვინციებში, ასევე, ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ბოლუსა და ქარაბუქის პროვინციებში. სატყეო სამინისტრო აცხადებს, რომ მომავალი ათი დღის განმავლობაში ჰაერის მაღალი ტემპერატურის და ძლიერი ქარის გამო ხანძრის გაჩენის მაღალი რისკი ქვეყნის 12 პროვინციაში არსებობს.