საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძის ვაჟი ლევანი სწავლას კალიფორნიის უმაღლეს ლუთერანულ სკოლაში გააგრძელებს (California lutheran high school). ის სამშობლოდან სასწავლებლად მარტო გაემგზავრა.
გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძეს მისი შვილის შესახებ ისაუბრა.
„ლევანი უკვე ჩავიდა კალიფორნიის შტატში, სადაც ის ორი წელი ისწავლის უმაღლეს ლუთერანულ სკოლაში (11-12 კლასს იქ დაამთავრებს), თან კალათბურთს ითამაშებს. ლევანს კალათბურთი ძალიან უყვარს, 3-4 წელია, რაც თამაშობს და იმ სკოლაში ასეთი პირობით წავიდა, რომ თან კალათბურთს მიხედავს, ამიტომ ავარჩიეთ ეს სკოლა.
სწავლის თანხებს ჩვენ სად შევწვდებოდით, ეს ყველაფერი თავდაცვის სამინისტროს დახმარებით და გვერდში დგომით მოხერხდა, ლევანის სწავლას ისინი აფინანსებენ. კომენტარებს წერენ, ძალიან უჭირდათ და ამერიკაში სასწავლებლად როგორ მოახერხეს შვილის გაგზავნაო. ჩვენ არაფერი გადაგვიხდია, ყველაფერი დაფარა თავდაცვის სამინისტრომ (სწავლის და საცხოვრებლის საფასური).
გადახდა ეტაპობრივად მოხდება და წელიწადში 60 ათას დოლარამდე, ან მეტი იქნება, ფინანსური საკითხები ზუსტად არ ვიცი… ლევანი 12 აგვისტოდან იწყებს სწავლას, ვერ დაელოდა გიორგის დაბადების დღეს – 18 აგვისტოს… მან ენა საუკეთესოდ იცის, არ გაუჭირდება, ზოგადად, ლევანი, კარგი ბიჭია, კარგად სწავლობს და იმედი მაქვს, სადაც იქნება, ყველგან გვასახელებს”, – განაცახადა მაკა ჩიკვილაძემ.
წყარო: ambebi.ge