ალისა ლიკა ევგენიძემ 9 აგვისტოს, გამთენიისას გააჩინა. ალისა ლიკასთვის, ისევე როგორც ნიკა კოჩაროვისთვის, მესამე შვილია. წყვილს პირველი ქორწინებიდან ორ-ორი შვილი ჰყავთ.
ლიკას ბებია, კირა ანდრონიკაშვილი “პრაიმტაიმს” მეოთხე შვილთაშვილის დაბადებით გამოწვეულ სიხარულს უზიარებს..
კირა ანდრონიკაშვილი: დიდი ბებია მეოთხედ გავხდი. ალისა მე ჯერ არ მინახავს, ფოტო გამომიგზავნეს, დახატული ბავშვია. ლიკა რომ გაჩნდა, ისეთი ლამაზი თვალ-წარბი ჰქონდა, არ მავიწყდება.
ლიკა მაგარი გოგოა. შრომა, სახლი, საქმიანობა, ყველაფერს უძღვებოდა, აქტიური ორსულობა ჰქონდა. რეკლამებშიც იღებდნენ. არაფერზე შევუწუხებივართ. დამოუკიდებლად აგვარებდა ყველაფერს. ცხადია, იცოდა ბავშვის სქესი და გვითხრა. დედამ უნდა იცოდეს, ვინ ჰყავს მუცელში, გოგო თუ ბიჭი. ეს კარგია. ჩვენ, ადრე, ამის შესაძლებლობა არ გვქონდა.
ბუნებრივად იმშობიარა და ეს ბავშვისთვისაც კარგია.
ნიკას შვილებიც და ლიკას – 12 წლის ანა-სოფია და 11 წლის ალექსანდრე სამშობიაროში იყვნენ და იქ ელოდნენ პატარა დაიკოს დაბადებას.
ჩემი ნინა, დაესწრო ლიკას მშობიარობას. ნინა მეორე შვილიშვილის, ალექსანდრეს გაჩენასაც დაესწრო და მისი დის, ქეთის ორივე შვილის დაბადებასაც. ახალი სპეციალობა გაქვს, ბებიაქალობა-მეთქი, ვეუბნები ნინას.
პირველად ბებია 37 წლის ასაკში გავხდი. ისეთი გრძნობა მქონდა, დედობრივი, მინდოდა ძუძუ მეწოვებინა…
მინდა ალისა კარგი ადამიანი გაიზარდოს. 9 აგვისტოს წმინდა პანტელეიმონ მკურნალის ხსენების დღეს გაჩნდა. ფარავდეს მისი წმინდანი. უყვარდეს ყველა. ადამიანის მოყვარული გაიზარდოს. ასრულებოდეს ყოველივე კარგი, ის რაც ჩაფიქრებული ექნება…
მადლობა უფალს, ამ ყველაფერს, მეოთხე შვილთაშვილს მოვესწარი… მადლობა თქვენ.