სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მსახიობი, ბუბა მირცხულავა “ბაქარი” საზოგადოებაში ძალიან პოპულარულია.
მისი სამსახიობო როლისგან განსხვავებით, ბუბა ბრწყინვალე ქმარი და მამაა.
გასულ წელს, მას და მის მეუღლეს შვილი შეეძინათ, სახელად კი ზუკა (ზურაბი) დაარქვეს – როგორც სოციალურ ქსელში განთავსებული ფოტოებით ჩანს, ბუბა ოჯახთან დიდ დროს ატარებს და ბავშვის აღზრდაშიც აქტიურ მონაწილეობას იღებს.
წყარო: mshoblebi.ge
იხილეთ ფოტოები:
მსახიობის მეუღლე სოფო ანდრულაძეა. წყვილი პანდემიის დროს დაქორწინდა.
ცოტა ხნის წინ მსახიობი, ოჯახურ ცხოვრებაზე საუბრობდა:
“რაც ყველაზე მეტად “მტკივა“, ისაა, რომ 13 წლიდან ვმუშაობ და ყოველთვის ჩემი ფული მქონდა. ახლა 22 წლის ვარ, ცოლი მოვიყვანე, მაგრამ არც სამსახური მაქვს და არც ხელფასი – ჯიბეგაფხეკილი ვარ (იცინის). ეს პერიოდი ვერ ვმუშაობ. რაც შეეხება ოჯახურ ცხოვრებას, ჯერ ადაპტაციის პერიოდია. მე დიდი ოჯახი მაქვს: ბებია, დედა, მამა, ძმები, და – ყველა ერთად ვცხოვრობდით და მე სახლის საქმეების კეთება არ მიწევდა. ახლა აქ რომ სარეცხს ვფენ და ჭურჭელს ვრეცხავ, ეს ამბავი ცოტა მეუცხოება, მაგრამ ყველაფერს სოფოს ხომ ვერ გავაკეთებინებ. მინდა, დავეხმარო. ძალიან კი მეზარება, მაგრამ ვცდილობ, არ შევიმჩნიო (იცინის). ბიჭისთვის ისე ცხოვრება მაინც ფუფუნებაა (იცინის). გოგო ასე თუ ისე სულ ეხმარება დედას, სოფოც ცოტ-ცოტას სახლშიც აკეთებდა და იმდენად ვერ გრძნობს სხვაობას. ახლა საქმე მოემატა, მაგრამ მისთვის ეს დიდი სიახლე არაა. ჩემთვის ჯოჯოხეთია, იმიტომ, რომ აქამდე ფეხი ფეხზე მქონდა ხოლმე გადადებული (იცინის).
ჯოჯოხეთი უტრირებულია, მაგრამ რეალურად, ფეხიფეხზეგადადებული მდგომარეობიდან, ამ მდგომარეობაზე გადასვლას ცოტა შეჩვევა სჭირდება.ძალიან დიდი მადლობა ჩემსა და სოფოს ოჯახს, ამ ეტაპზე მათ კისერზე ვართ. ბევრს არ ვითხოვთ, ვცდილობთ, არ შევაწუხოთ, მაგრამ ყველაფერში ისინი გვეხმარებიან. მეც მაქვს რაღაც გეგმები, რომელიც იმედია, განხორციელდება და სერიალიც, ალბათ, დაიწყება. არ მომერიდება თქმა, რომ 2020 ჩვენთვის კარგი აღმოჩნდა. ზოგადად, ცუდი წელია, მაგრამ პირადად ჩემთვის ამაზე უკეთესი რაღა უნდა მომხდარიყო?!” – ამბობდა ბუბა მირცხულავა ჟურნალ “თბილისელებთან” საუბრისას.
ბაქარ ორჯონიკიძე პოპულარული სერიალის ცნობილი პერსონაჟია. ამ როლის შემსრულებელი ბუბა მირცხულავა სკოლის მოსწავლე იყო, “ჩცდ”-ს რომ შეუერთდა და ახლა უკვე ახალგაზრდა მამაა.
ფაქტია, რომ მისი პერსონაჟი პირველივე დღიდან მაყურებლის ყურადღების ცენტრში მოექცა და დღემდე სერიოზული სახეცვლილება განიცადა. ერთი პროვინციელი, გამოუცდელი, მეამიტი ბიჭისგან აგრესიული, მომხვეჭელი და დაუნდობელი პერსონა შეიქმნა… მიუხედავად იმისა, რომ ის პროფესიით მსახიობი არ არის, შეძლო და დამაჯერებელი სახე შექმნა.
როგორი მამაა ბუბა მირცხულავა, მონაწილეობს თუ არა პატარა ზუკას გაზრდაში, როგორ აფასებს თავის პერსონაჟს და რა უახლოესი გეგმები აქვს, ამაზე AMBEBI.GE-ს თავად უამბო.
– ბუბა, რაც მამა გახდი, არ გვისაუბრია. გილოცავ და გვითხარი, რა შეცვალა შვილის დაბადებამ შენს ცხოვრებაში?
ასევე დაგაინტერესებთ
– დაიბადა პატარა ზურაბი, თუმცა ზუკას ვეძახით. უკვე 4 თვისაა… ცხოვრება ჩვენთვის ახლა მრავალფეროვანია, ყველა დღე სიახლეებითაა დატვირთული და დახუნძლული. მშობლები დამეთანხმებიან, ახალშობილი როცა გყავს, ალბათ ყველა გადის ამ გზას, ყოველდღე ბავშვი ახალ-ახალ რაღაცებს სწავლობს, მერე გაგებინებს, რაც სასწაულია. შენც ამას აღტაცებული და ემოციებით ხვდები.
აქტიური ბავშვია, როგორც გვეუბნებიან, მე და ჩემი მეუღლეც ბავშვობაში ასეთი აქტიურები ვიყავით, თან მოლაქლაქეებიც. ამას მოლაქლაქეობა ჯერ არ ეტყობა, მაგრამ ცდილობს, გაიაროს, ძალიან მოძრავია. მე და ჩემი მეუღლე დარწმუნებული ვართ, ზუკაც ბევრს ირბენს და ილაქლაქებს. ფოტოების გადაღებაზე აქვს რეაქცია, მოსწონს, მე და სოფოს სხვებისგან გვარჩევს…
– პატარის გაზრდის პროცესში მონაწილეობ?
– ვცდილობ, მაქსიმალურად ჩავერთო, თუმცა ეს პასუხისმგებლობები ბავშვთან დაკავშირებით სოფოს აქვს აღებული. მე მეტად სამსახური, უნივერსიტეტი, გადაღებები – ამისკენ ვარ გადართული. თავისუფალი დრო როგორც კი ჩამივარდება, ვცდილობთ, ერთად გავასეირნოთ და საერთოდ მინდა ხოლმე, რომ ბავშვთან მეტი დრო გავატარო, ვიდრე მიწევს. სოფო კი, როგორც გითხარით, სულ მასთან არის, თან, ზუკა ბუნებრივ კვებაზეა და სხვანაირად არც გამოვა.
– ე.ი. მამობამ შეგცვალა…
– შემცვალა. მშობელი რომ ხდები, რაც არ უნდა იყოს, იცვლები, ყველა ასეა და მეც არ ვარ გამონაკლისი. ადრე თუ დაღლილი და რთული დღის მერე სადმე წასვლა და გულის გადაყოლება მინდოდა, ახლა ერთი სული მაქვს, ჩემს ცოლ-შვილთან დროულად მოვიდე და დრო მათთან გავატარო, ბავშვს ვეთამაშო.
– მოდი, სერიალზე ვისაუბროთ – “ჩცდ” არის პროექტი, რომელსაც ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე დაუკავშირდი და დღემდე სერიოზული ადგილი უკავია მას შენს ცხოვრებაში… შენი პერსონაჟი ბაქარი ბოლო დროს ძალიან შეიცვალა. ჩამოიცილა ყველა პარტნიორი, კონკურენტი და ძალიან დაუნდობელ პერსონად მოგვევლინა… თავად როგორ აფასებ მას?
– მსახიობი როგორ პერსონაჟსაც არ უნდა თამაშობდეს, რაღაც ეტაპზე, თავის გმირს ამართლებს. იდეაში ცუდი ადამიანები ხომ არ არსებობენ – ამის თქმა ბაქარის მაგალითზეც შეგვიძლია. ეს ადამიანი რომ დღეს ასეთია, თავის მიზეზ-შედეგობრივი ფაქტორები აქვს. ასეთი ხომ არ დაბადებულა? რატომ გახდა ასეთი, რის გამო და როგორ, ეს ცალკე საკითხია. რაც მასში არ მომწონს ისაა, რომ უფრო მატერიალურზე გადაერთო: ძალაუფლების მოხვეჭა უნდა, დაიწყო ამაზე ფიქრი და არა მარტო ფიქრი, ახორციელებს ამ მიმართულებით პატარ-პატარა გეგმებს. გონების და გულის ჭიდილში უკან დაიხია ადამიანურმა ემოციებმა. ეს ყველაფერი უკანა პლანზე აქვს გადაწეული. სამწუხაროდ, ასე უყურებს და აფასებს რაღაცებს.
– მის ცხოვრებაში გაჩნდა ახალი მეუღლე, რომლის მიმართაც თავის მოთხოვნები აქვს. ის გოგონაც დაბნეულია – არ იცის, რა ქნას… რას იტყვი?
– ბაქარი საერთოდ ვინმესთან სწორად თუ იქცევა, აღარ ვიცი. ყველასთან უკვე ისეთი დამოკიდებულება აქვს, რომ ის ადამიანი სჭირდება. ცოლიც ამიტომ მოიყვანა, რომ სჭირდება, თენგოსაც იმიტომ ემეგობრება, რომ სჭირდება, მიმისთან რომანიც სჭირდება. ოჯახის გარდა, ყველას გამოყენებაზეა. იცის, რომ ოჯახს ვერაფერში გამოიყენებს. დედა მისთვის ერთადერთი “წითელი ხაზია”. მოკლედ, სხვა ადამიანებთან ურთიერთობა იმაზე აქვს აწყობილი, მათგან რაიმე სარგებელი მიიღოს.
– მისი რა თვისება მოგწონს?
– ერთადერთი, რაც შეიძლება მოგეწონოს, ისაა, რომ მიზანდასახულია, ფსიქოლოგიურად ძლიერია, ამდენ რამეს გაუძლო და გაუმკლავდა. არადა, არ იყო მარტივი, მით უმეტეს, რომ მარტოა. ერთადერთი სანდო ადამიანი მისთვის მისი მძღოლია, ყველაფერს ამდენ ფრონტზე მარტო აკეთებს და უძღვება. ამისთვის დიდი ნერვები და შინაგანი სიმყარე სჭირდება. ძალიან მტკიცეა. ვნახოთ, სანამდე გასტანს მისი ასეთი სიმყარე.
– ბოლოს ელვირსაც სასტიკად მოექცა…
– დარწმუნებული ვიყავი, რომ ბაქარის და ელვირის ურთიერთობა უნდა დასრულებულიყო. ორივემ ერთმანეთზე ბევრი რამ იცის. მათი ერთადერთი დამაკავშირებელი ხიდი ფულია. ბაქარი ის კაცი არ არის, ვიღაცას მთელი ცხოვრება ფული უხადოს. გაჩუმების გამო არ გადაუხდის, ამიტომ მოიფიქრებს რაღაც უფრო ბრუტალურს, აგრესიულ მეთოდს, იმის გამო, რომ სარგებელი მხოლოდ თვითონ მიიღოს. როგორც ბოლო სერიაში ვნახეთ, ელვირი აცემინა. ვნახოთ, როგორ განვითარდება ამბები…
– იცნობ ცხოვრებაში ასეთ ადამიანებს, თუ ბაქარი სხვადასხვა ადამიანის სხვადასხვა თვისებით შექმენი?
– 100%-ით ელვირი და ბაქარი ასე არსად იქნება, მაგრამ არსებობენ ჩვენს გარშემო იმ თვისებებით, რაც მათ აქვთ. ეს სერიალიც ამიტომ არის ასეთი. ბაქარის ხასიათი სხვადასხვა ადამიანის შტრიხებით შეიკრა. საინტერესო არც იქნებოდა თვისებები ერთი და იგივე ადამიანისგან რომ ამეღო. ადრე თუ გვიან ამოვწურავდი.
– სერიალის გარდა სხვა რა საქმით ხარ დაკავებული?
– უნივერსიტეტი დავამთავრე, ვაგრძელებ მაგისტრატურას, წელს თუ დავამთავრე, მადლობელი ვიქნები ღმერთის და ტექნიკური უნივერსიტეტის. ძალიან ხელს მიწყობენ და აქვე მინდა, მადლობა გადავუხადო მათ. ყოველთვის გვერდში მედგნენ და ახლაც ასეა. იმედი მაქვს, დავამთავრებ სამაგისტროს, რანაირად მოვასწრებ, არ ვიცი, მაგრამ უნდა მოვახერხო. ჩემი დანარჩენი დრო ოჯახს და გადაღებას ეთმობა.
– შენს მაყურებელს რას ეტყვი, რომელიც საკმაოდ აქტიური და მგრძნობიარეა, რაც სოციალურ ქსელში კარგად ჩანს…
– “ჩცდ”-ს მაყურებელს მინდა, ვუთხრა, რომ ნუ იქნებიან ასეთი მკაცრები და დაუნდობლები. იმის გამო, რომ შაბათ-კვირას სერიალი არ გავა, არ შეიძლება ამის გამო გვაგინონ, დაგვწყევლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ცოტა ხნით დაფიქრდნენ, რატომ უნდა გვინდოდეს, გავჩერდეთ, ან ცუდად ვიყოთ. რა ჰგონიათ, თავს არ ვუფრთხილედებით, არ ვიცავთ წესებს, არ ვიცრებით, თუ, რა?! ჩვენც, როგორც მსახიობები, ისე გადამღები ჯგუფი – ყველანი მაქსიმალურად ვცდილობთ, ვიყოთ დაზღვეულები. მით უფრო, რომ მარტო არ ვართ, ჩვენს უკან ოჯახები დგას. გასაგებია, რომ სერიალს ადამიანების ძალიან დიდი რაოდენობა, მაყურებელი ელოდება, მაგრამ უნდა გაგვიგონ. ჩვენც ადამიანები ვართ!