“საოცრებები ხდება,ლევანიკოს საფლავზე..” – ნახეთ რას გვიყვება ლევან კბილაშვილის დედა

12 ივნისს ლევან კბილაშვილი 32 წლის გახდებოდა. მოსკოვში ამ დღეს ალბომი გამოვიდა “პანჯეო და ლევან კბილაშვილი”. ალბომის პრეზენტაცია შედგა მუსიკალურ დარბაზში “სახურავი”, სადაც შარშან, უკანასკნელად აღუნიშნეს დაბადების დღე. ალბომი მუსიკალურ პლატფორმებზე ჩაშვებულია და იყიდება.
18 მაისს ქართული დიასპორის ხელმძღვანელმა რუსეთში, დავით ცეცხლაძემ დააარსა ლევანის სახელობის მუსიკალური ფესტივალი. ფესტივალს ლევანის და დაესწრო… ფესტივალი ლევანის სახელის უკვდავსაყოფად ყოველ წელს ჩატარდება.
ფესტივალ “ველურ პიტნას” კი, სადაც გარდაცვალებამდე სამი დღით ადრე, ლევანი ბენდით გამოვიდა და ფურორი მოახდინა, წელს ლევანის ბენდი გახსნის. ფესტივალის ხელმძღვანელების გადაწყვეტილებით, “პანჯეოს” წევრები უზარმაზარი აუდიტორიის წინაშე გამოვლენ და ლევანის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

21 ივნისს ლევანის გარდაცვალებიდან ერთი წელი გადის.

მუსიკოსი მოსკოვში, სახლში, ბენდის წევრებმა გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი მოგვიანებით გახდა ცნობილი. მომღერალი ჰემორაგიულმა ინსულტმა იმსხვერპლა.

2017 წლის შემდეგ, შემოქმედებით ცხოვრებას მოსკოვში ეწეოდა. სამშობლოში დაბრუნებას გეგმავდა, თურმე. ჰქონდა საყვარელი საქმის საკეთებელი გაწერილი გეგმა… გარდაცვალების წინა დღეს დედასთან საუბრით ვერ გაძღა. დაახლოებით ექვს საათიანი ემოციური დიალოგი, დედა-შვილმა, სხვადასხვა თემით გაწელა. ეს მოხდა ბუნებრივად და უკანასკნელად. მერე ემოციებისგან გადაღლილი ლევანი დასაძინებლად დაწვა. დედასაც მშვიდად ეძინა…

დღეს, ქალბატონი მელიტა სიმშვიდეს შვილის საფლავზე პოულობს. იქ სრულიად უცნობი ადამიანები ხვდებიან და უდროოდ წასული მუსიკოსის ენერგეტიკასთან, ერთგვარ კავშირს, ასე ამყარებენ…

როგორც მომღერლის დედა “პრაიმტაიმთან” ამბობს, შესაძლოა, ლევანის წლისთავზე, ბენდის წევრების გარდა, ემირ კუსტურიცას და გორან ბრეგოვიჩის დირექტორი, მირკო ჩამოვიდეს. ქალბატონ მელიტასთან კავშირს არ წყვეტს ლუბა უსპენსკაიაც…

მელიტა ფურცელაძე: ეს თვე ძალიან რთულია ჩემთვის. უმართავი ვარ, სასწაული მჭირს. ლევანის დაბადების და გარდაცვალების რიცხვები…

ერთი დღე არ ჩამიგდია, ყოველ დღე საფლავზე ვარ ჩემს შვილთან. აბა, სახლში რა უნდა გავაკეთო? მეუბნებიან, სული იქ არ არისო. მე კიდევ იქ ყოფნით სიმშვიდეს ვპოულობ.

უკვე მივეჩვიე, რომ უცხო ადამიანები მოდიან, ბათუმიდან, ზესტაფონიდან, ხაბაროვსკიდანაც. მათგან პირადად არც ერთი არ იცნობს ლევანიკოს.

ლევანის დაბადების დღეზე საფლავზე დამხვდა 45 წლის ქალი, ხაბაროვსკიდან ჩამოსული. პლუშის პანდა მოეტანა ყვავილებთან ერთად… სპეციალურად დავამთხვიე ლევანის დაბადების დღეს, მისი თაყვანისმცემელი ვარო. არ იცნობდა პირადად.

ზამთარში მივედი და ვნახე, საფლავზე იდგა ქალბატონი ყვავილებით და ტიროდა. მაპატიეთ, ვერ გიცანით-მეთქი. ზესტაფონიდან ჩამოვედი, ლევანს არ ვიცნობდი, მხოლოდ გარდაცვალების შემდეგ დავიწყე მისი სიმღერების მოსმენა და სიზმარში რამდენჯერმე ვნახე. თან ისე ცხადად ვნახე, რომ აქ საფლავზე ჩვეულებრივ მოვედი, მოვაგენიო.

ქალბატონი ლორეტა როხვაძე, რომელსაც არ ვიცნობ, ლევანის ჭირისუფლად იქცა. ფეისბუქზე არ ტოვებს ლევანთან დაკავშირებულ არც ერთ პოსტს, ემოციური კომენტარის გარეშე. ისე განიცდის, ყველა მეკითხება, ვინ არის თქვენიო. იმერეთიდან ჩამოვიდა და ყოფილა საფლავზე…

ფეისბუქზე ჯგუფი გააკეთეს და ლევანის სიყვარულით ერთმანეთს დაუახლოვდნენ. მწერენ, მკითხულობენ.

არ ვიცი, ამ ადამიანებს მადლობა როგორ გადავუხადო.

ლევანის მონატრებას რომ ვერ ვუმკლავდები, ფეისბუქზე დავწერ რამეს. მანამდე სულ ვეკითხებოდი, ეს დავდო, ის გამოვაქვეყნო-მეთქი? და როცა იქ ვწერ, შეგრძნება მაქვს, თითქოს ლევანიკო წაიკითხავს.

საოცარი ამბები ხდება ჩემს შვილთან დაკავშირებით. არ ვიცი, აქამდე მე ვერ წარმომედგინა, ჩემი ქალიშვილი ასე უცნობი ბიჭის საფლავზე მისულიყო…

მეგობრებს ისეთი ტკივილი აქვთ გულში… არ ვიცი, როგორ შეიძლებოდა ასე გაგიჟებით ჰყვარებოდათ. დათო ჰყავს მეგობარი, იმ დღეს მეუბნება, ხანდახან რომ დავფიქრდები, უცებ სხვა რამეზე რომ არ გადავიტანო კონცენტრირება, შეიძლება გავგიჟდეო.

მეუბნებიან, ამ ყველაფრის შემდეგ, სიამაყის გრძნობა როგორ არ გაქვსო? იცით, რა… იმდენად გავნადგურდი, მე ეს შეგრძნება არ მაქვს. საამისოდ არ მაქვს ძალა. ვერ გადავხარშე. აღარ ვზრუნავ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

იცით, რა მაძლებინებს, მგონია რომ მოსკოვშია. წასულია და უნდა მოვიდეს, შემოაბრახუნოს კარი. თავისი ჟესტი ჰქონდა, ხელს აწევდა. სახლიდან წასვლის დროს, ეზოდან რომ გავიდოდა, ჭიშკარს ღიას ტოვებდა. მე გავდიოდი, მანქანაში იჯდა, ფანჯარა ჩაწეული ჰქონდა და ვაკოცებდი. ასე იყო ყოველ ჯერზე… ემოციურად ახლოს ვიყავით ერთმანეთთან. ძალიან ახლოს… ერთ გადაცემაში თქვა, იყო შემთხვევა, არავინ რეკავდა, დედაჩემის გარდაო. მე მიზიარებდა დარდსაც და სიხარულსაც… განსაკუთრებული ემოციური ბმა გვქონდა ერთმანეთთან…
წყარო:newsline.ge