დიდ ბრიტანეთში, საუთპორტში, ცივი იარაღით თავდასხმის შედეგად, 2 ბავშვი დაიღუპა, 6 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. მათ შორის არიან როგორც ბავშვები, ასევე ზრდასრულები. პოლიციის განცხადებით, დაკავებულია 17 წლის ბიჭი.
- დაჭრილთა შორის არის ორი ქალი მასწავლებელი, რომლებმაც გმირულად სცადეს ბავშვების დაცვა. მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
ათობით ახალგაზრდა ტეილორ სვიფტის სიმღერებით შთაგონებულ წვეულებაზე იყო შეკრებილი.
“თავდამსხმელი 17 წლის მოზარდია, რომელიც მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებითაა დაკავებული. როდესაც ადგილზე სამართალდამცველები მივიდნენ, შოკირებულნი იყვნენ, რადგან აღმოაჩინეს დაჭრილი ადამიანები, მათ შორის, ბავშვები.
ბავშვები საცეკვაო სკოლაში ტეილორ სვიფტის ღონისძიებას ესწრებოდნენ, როდესაც დანით შეიარაღებული დამნაშავე შენობაში შეიჭრა და ბავშვებს თავს დაესხა. დაშავებული ზრდასრულები ბავშვების დაცვას გმირულად ცდილობდნენ. ვერ წარმოგვიდგენია ტკივილი და ტანჯვა, რომელსაც მსხვერპლთა ოჯახები განიცდიან, და გვსურს გულწრფელი თანაგრძნობა გამოვხატოთ მათდამი”, – აცხადებენ მერსისაიდის პოლიციის განყოფილებაში.
სამართალდამცველთა ინფორმაციით, შემთხვავა ტერაქტის კატეგორიას არ განეკუთვნება.
არსებული ინფორმაციით, ბრალდებული ტაქსიდან გადმოვიდა. მან ცეკვის სტუდიაში მარტივად შეაღწია, რადგან სიცხის გამო კარი ღია იყო დატოვებული. თავდასხმის შემდეგ ეჭვმიტანილი გაიქცა და მოგვიანებით სპორტდარბაზში დააკავეს.
ოფიცრებმა დაადასტურეს, რომ 17 წლის ბიჭი ბენქსის რაიონიდანაა, მაგრამ წარმოშობით კარდიფიდანაა.
პოლიციამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ თავდასხმასთან დაკავშირებით სხვა პირს არ ეძებენ. მრავალმა მოწმემ განაცხადა, რომ ადგილზე “შავი კაპიუშონიანი” მამაკაცი შენიშნეს, რომელსაც ნიღაბიც ეკეთა.
- წყარო: The Sun
წყარო: https://www.ambebi.ge/article/313333-mascavleblebi-gmirulad-icavdnen-bavshvebs-/