კალიფორნიაში, ბოლო წლების განმავლობაში, ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ცეცხლი ოთხშაბათს, 24 ივლისს გაჩნდა და 350 000-მდე ჰექტარი მოიცვა. ამის შესახებ ინფორმაციას კალიფორნიის შტატის სააგენტო Cal Fire-ი ავრცელებს.
Cal Fire-ის ცნობით, სტიქიის შედეგად 134 შენობა განადგურდა, ხოლო 4200 საფრთხე ემუქრება. ევაკუირებულია 4000 ადამიანი. ამ დროისთვის, ცეცხლს დაახლოებით 2500 მეხანძრე, სულ მცირე 16 შვეულმფრენი და მრავალი საჰაერო ტანკერი ებრძვის. Cal Fire-ის მეთაურის ბილი ზის თქმით, ხანძარი საათში 5000 ჰექტარი სიჩქარით ვრცელდება.
კალიფორნიის გუბერნატორის გევინ ნიუსოს განცხადებით, პარასკევს ხანძრის გამო ბუტისა და ტეჰამის ოლქებში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზი, სავარაუდოდ, კაცის მიერ ცეცხლმოკიდებული მანქანის ხევში გადაგდება გახდა. ეჭვმიტანილი, 42 წლის რონი დინ სტაუტი დაკავებულია.