საჩხერეში 18 წლის ბიჭი მოკლეს. მკვლელობა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მოხდა. დანაშაულში ბრალდებულიც ასევე 18 წლის არის, ის პოლიციამ უკვე დააკავა.
მოკლული ახალგაზრდა გიორგი მაისურაძეა. მან გორისის საჯარო სკოლა გასულ წელს დაამთავრა.
„ვუთანაგრძნობთ ოჯახს და გამოვთქვამთ უდიდეს მწუხარებას გიორგის გარდაცვალების გამო. ეს არის მოუშუშებელი ტკივილი მისი მშობლიური სკოლისა და ყველა ახლობელი ადამიანისთვის, ვინც ერთჯერ მაინც შეხვედრია მის მომღიმარ და სიყვარულით სავსე თვალებს. ის მართლაც იყო გამორჩეულად პოზიტიური, ზრდილობიანი, თავმდაბალი და კეთილი…” – წერია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სკოლის დირექტორმა თქვა, რომ მომხდარით შოკირებულია და საუბარი უჭირს.
„წელს დაამთავრდა სკოლა, გამორჩეული ბავშვი იყო, ზრდილობიანი. ყველანი შოკში ვართ, ბრალდებულიც ადგილობრივია, თუმცა მე პირადად მას არ ვიცნობ” – თქვა სკოლის დირექტორმა.
რა განცხადებას ავრცელებს შსს?
„შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული ნ.შ. დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა საჩხერის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 2006 წელს დაბადებული გ.მ. ცივი იარაღით დაჭრა. დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა”.
წყარო: ambebi.ge