რა გზით იპოვი შენთვის სასურველ სამუშაოს და სად უნდა იპოვო საჭირო დამსაქმებელი – მნიშვნელოვანი რჩევები მოქალაქეებს

პირველი მიზეზი, რის გამოც, სამუშაო ადგილს, ან სულაც პროფესიას იცვლიან, ხოლმე, ცხადია, ხელფასია, მეორე ადგილზე კი, დამსახურებულადა გახლავთ, სამუშაოსგან სიამოვნების არმიღება. როგორც სხვადასხვა კვლევებმა ცხადჰყო, ადამიანებს სურთ სასარგებლოდ იგრძნონ თავი მუშაობის პროცესში და კმაყოფილება განიცადონ. 

ადამიანები წელიწადში საშუალოდ 247 დღეს მუშაობენ, ზოგი მეტსაც, შესაბამისად, დროის თითქმის 70–80%-ის გატარება სამუშაო პირობებში უწევთ. თუ მუშაობ გარემოში, რომელიც სტრესულია შენთვის, ამან შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. ემოციური გადაწვა, ამიტომ დაფიქრება მანამდე ღირს, სანამ სტრესის ნიშნები მკაფიოდ გამოიხატება, მაგალითად, მუდმივი დაღლილობის შეგრძნებით, ან აპათიით.

თუ შენ არ აკონტროლებ პრობლემას, პრობლემა იწყებს შენ კონტროლს, რაც მეტად დახუჭავ თვალს იმაზე, რომ შენთვის სასიამოვნო საქმეს არ აკეთებ, მით მაღალია რისკი, რომ ყველაფერს უკმაყოფილო თვალით უყურო და ჯერ პერიოდულად უმიზეზოდ გაღიზიანდები, შემდეგ კი აგრესიის შემოტევებიც იგრძნო, შეიძლება.

მოტივაცია

საუკეთესო მოტივატორი კარგი ხელფასია, მაგრამ მაგალითად, თუ მოგწონს რასაც აკეთებ, როგორ გარემოშიც აკეთებ, თუ საღამოს კმაყოფილი ხარ, რადგან რაღაცის შეცვლა მოახერხე, შესაძლოა, სამყაროს ვერა, მაგრამ, თუნდაც, ერთი ოჯახი ასიამოვნე, ან ერთ კონკრეტულ ადამიანს შეუმსუბუქე დღე, – ეს ხელფასზე ნაკლებ სიამოვნებას როდი მოგანიჭებს.

კარიერა

ყველა ჯარისკაცს სურს გენერლობა. ოღონდ, ზოგი ნაბიჯ–ნაბიჯ მიდის მიზნისკენ, ზოგი კი, დგას და ელოდება. ჩემ მეგობარს სურსათის მაღაზია ჰქონდა, პანდემიის დროს, ვერ ამუშავა, ვალებიც დაედო, იძულებული გახდა, დაეკეტა. დაფიქრდა, რა უნდა ეკეთებია და მიხვდა, რომ წლებია, ამ მაღაზიის იქეთ, სამყარო როგორ არსებობდა, ლამის ისიც არ იცოდა. გადაწყვიტა, ის საქმე ეცადა, რომლის კეთებაც ამშვიდებდა და დალაგების სერვისში სცადა ბედი. დაიწყო დღიურად მუშაობა – ალაგებდა სახლებს, ოფისებს, რემონტისშემდგომ ბინებს. ასე ვთქვათ, შიგნიდან შეისწავლა ეს ბიზნესი. არ მოეწონა ხსნარები, რომლებიც ბაზარზე იყო და რომელსაც დასუფთავებისას იყენებდა, შეისწავლა სხვა ქვეყნების ბაზრები ამ კუთხით და გამოიწერა ხსნარები, რომლებიც სხვებთან შედარებით მოეწონა. მოგვიანებით, დალაგება–დასუფთავების კომპანია გახსნა, ახლა უკვე 20–მდე პირს ამუშავებს, თავადაც დაიკაპიწებს ხოლმე ზოგჯერ, ამბობს, რომ პროფესიონალური დალაგება ბევრად განსხვავებულია, რთული, მაგრამ უზომო სიამოვნებას იღებს, მოწონს პროცესიც და შედეგიც, გაწკრიალებული სახლის დანახვა უზომო სიამოვნბას განაცდევინებს. გახსენებაც აღარ უნდა იმ წლების, როცა მაღაზია ჰქონდა.

თუ სამუშაო მხოლოდ რუტინაა, და ხელფასი ერთადერთი მოტივაციაა, მაშინ განვითარების შანსი მინიმუმამდეა დაყვანილი.

როგორ უნდა მიხვდე რომელი შენთვის სასურველი სამუშაო?

დიდხანს ვერ პოულობ სამსახურს? პოულობ და სწრაფად გიწევს შეცვლა? არ ხარ კმაყოფილი და არ იცი, როგორ შეცვალო რადიკალურად სამუშაო სფერო? არ გაქვს გეგმა?

ეცადე უპასუხო ამ კითხვებს გულწრფელად:

  • რა მინდა მომავალში მივიღო ამ სამსახურისგან?
  • მნიშვნელოვანია ჩემთვის ჩემი თანამდებობის სტატუსი და დასახელება?
  • რა შემიძლია გავწირო სამუშაოსთვის? და რატომ უნდა მქონდეს რაიმეს გაწირვის სურვილი?
  • რომელი სამი თვისება მძულს ჩემს უფროსში?

ამ კითხვებზე პასუხის გაცემა უნდა დაგეხმაროს დეტალურად აღწერო, როგორ გამოიყურება შენი საოცნებო სამუშაო გარემო. თუ გეცოდინება რისი მიღება გსურს სამუშაოსა და დამსაქმებლისგან – ეს მთავარი პირველი ნაბიჯია. 

ახლა შეეცადე გულწრფელად უპასუხო ოთხ კითხვას:

  1. რისი კეთება გამომდის კარგად?
  2. რისი კეთება მომწონს?
  3. რა სჭირდება ხალხს?
  4. რაში არიან ადამიანები მზად გადაიხადონ?

იპოვე ამ ოთხ პასუხს შორის გადამკვეთი წერტილები, ისინი აუცილებლად იქნება, ეს კიდევ მეტად გაგიადვილებს მიხვდე, როგორი სამუშაო გჭირდება, რათა ფინანსურადაც კმაყოფილი იყო და სამუშაოც კმაყოფილებას განიჭებდეს.

არ დაგავიწყდეს, რომ ყოველდღიური კმაყოფილი სიცოცხლის ხანგრძლივობაზე მოქმედებს, ისევე, როგორც ყოველდღიური უკმაყოფილება.

კიდევ ერთი სავარჯიში, აიღე 4 ფურცელი, ერთზე ჩამოწერეთ შენი ძლიერი მხარეები, მეორეზე – სუსტი, მესამეზე შესაძლებლობები და მეოთხეზე – საფრთხეები და რისკები, როცა საფრთხეს ვამბობ, ვგულისხმობ იმ შიდა თუ გარე ფაქტორებს, რომლებმაც შეიძლება შენი განვითარება შეაფერხოს და სტრესი განგაცდევინოს. 

როდის უნდა ეძებო ახალი სამუშაო, თუ დამსაქმებელი და როგორ?

თუ სამუშაოსგან პირველ ეტაპზე სიამოვნებას იღებდი და შემდეგ – ვეღარ, ეს არ არის უპირობო ნიშანი იმისა, რომ ახალი პროფესია უნდა ეძებო, აიღე შვებულება, ჩვეულებრივ, შვებულების ბოლოს ბრუნდება მუშაობის სურვილი, მაგრამ თუ შვებულება დასრულდა და ისევ უმიზეზო დაღლილობის გრძნობა დარჩა, მაშინ უკვე უნდა იფიქრო, დამსაქმებლის, ან სულაც პროფესიის შეცვლაზე.

თუ დარწმუნდი, რომ ნამდვილად გსურს სამუშაოს შეცვლა და უკვე უპასუხე ზემოთ ჩამოთვლილ კითხვებს და მიხვედი გადაწყვეტილებამდე, აირჩიე მომიჯნავე პროფესიები სამსახურის უკეთ საპოვნელად, მაგალითად, მანქანის ტარებაც გსიამოვნებს და ავეჯის შეფუთვაც სასიამოვნო პროცესია შენთვის? შეგიძლია, ავეჯის გადაზიდვის სერვისისთისაც შეადგინო განცხადების ტექსტი და მუშის პოზიციაზეც. ამ მარკეტერი ხარ და ბლოგის წერაშიც გაქვს გამოცდილება? შექმენი ორივე განცხადების შაბლონი წინასწარ და განათავსე. ნუ დაწერ ორივე პოზიციაზე ერთ განცხადებაში, ეს არასერიოზულად აღიქმება.

ყურადღებით წაიკითხე მოთხოვნები, გაეცანი ბაზარს და გულწრფელად დაწერე საკუთარ გამოცდილებაზე, მაგალითად, ძიძად გინდა მუშაობა და არ გაქვს გამოცდილება? მაგრამ, იქნებ, გყავს 3 უმცროსი და–ძმა და ამაზე დიდი გამოცდილება არ არსებობს. პროცესზე მეტად შედეგს აქვს მნიშვნელობა, შესაძლოა, არ გიმუშავია არასოდეს კულინარად, მაგრამ შენმა გამომცხვარმა ტორტმა კულინარების კონკურსში გაგამარჯვებინა.

განცხადება არ უნდა იყოს დიდი, უნდა იყოს მკაფიო, სასურველი კარგი ხარისხის ფოტოთი, გამოცდილების შემდეგ, არ დაგავიწყდეს უნარებზე საუბარი – იქნებ, კომუნიკაციის კარგი უნარი გაქვს, ან დეტალებზე ხარ ორიენტირებული და ა.შ. აუცილებლად მიუთითე 1 წინადადებით მაინც, რა არის შენი მოტივაცია, რატომ გსურს კონკრეტულად ამ საქმის კეთება.

პორტფოლიო

პორტფოლიო გამოცდილების და უნარების ვიზუალური მტკიცებულებაა, ასე ვთქვათ, კვალიფიკაციის დამადასტურებელი. რეგულარულად განაახლე პორტფოლიო. თუ დაასრულე ახალი პროექტი, ახალი სამუშაო, დაამატეთ ფოტო, თუ ვიდეოლინკი, აჩვენე დამსაქმელებს, რა შედეგს მიაღწიე. მაშინაც კი, თუ არ ეძებ ახალ სამსახურს, პორტფოლიოს განახლება არ შეწყვიტო, ეს დაგეხმარება, თავად აღიქვა ვიზუალურად შენი პროგრესი, და უკეთ გაიგო, რის მიღწევა გინდა მომავალში.

სად უნდა იპოვო შენთვის შესაფერისი დამსაქმებელი?

სამუშაოს პოვნაც სამუშაოა. შესაფერისი სამუშაოს პოვნა თანმიმდევრულობას მოითხოვს. როგორც წესი, სამუშაოს ძებნას ასევე დიდი დრო და ენერგია სჭირდება, ყოველდღიული ძებნა კომპანიების და დამსაქმებლების, უნდა სთხოვო დახმარება მეგობრებს, დაწერო სოც. ქსელებში, გაუზიარო ახალ ნაცნობებს, იარო გასაუბრებებზე. არადა, შეგიძლია ეს დრო დაზოგო, თუ განცხადებას იმ საიტზე განათავსებ, სადაც მსგავსი ტიპის განცხადებებია, სადაც, დამსაქმებლები პროფესიონალებს ეძებენ და თავად დაგირეკავენ.

არ დაგავიწყდეს უკუკავშირი – ნებისმიერ შემთხვევაში, შეთანხმდები, თუ ვერა დამსაქმებელთან, ჰკითხე მას, რა არ მოეწონა შენ კომპეტენციაში, შენ შეთავაზებაში, ან პირიქით, რა მოეწონა და რატომ დაგიქირავა.

დღიური 50 ლარიანი სამუშაო

ჯერ მაინც ვერ გაარკვიე, რომელ სფეროში გინდფფა დასაქმება, მაგრამ მიხვდი, რომ მომსახურების სფეროში გინდა დასაქმება? მაშინ, დღიური, 50 ლარიანი სამუშაო ხომ არ გეცადა? 

მიწასთან თუ მოგწონს მუშაობა, ან ტვირთის მომზადება ტრანსპორტირებისთვის და ტრანსპორტირება? ხომ იცი, თანამედროვე ეპოქაში, ტვირთის გადაზიდვა მოხერხებაზე უფროა დამოკიდებული, ვიდრე ფიზიკურ ძალაზე. იქნებ, ავტოფარეხის დასუფთავება გირჩევნია, ან საწყობში, ან ფერმაში მუშაობა?

თუ რომელიმე საქმის კეთების გამოცდილება და უნარი გაქვს, თუ ჩამოთვლილთაგან, რომელიმე საქმის კეთების სურვილი გაქვს, მაშინ მხოლოდ განცხადების განთავსებაა საჭირო და ცხადია იქ, სადაც მსგავსი განცხადებები გვხვდება და სადაც, კონკრეტულად ამ სამუშაოების შემსრულებელთა საპოვნელად შედიან დამსაქმებლები.

სად, როგორ და რა კრიტერიუმებით უნდა იპოვო დღიური სამუშაოს შემსრულებელი ადამიანი?

ნებისმიერი სამუშაო საჭიროებს ცოდნას და უნარებს, შესაბამისად, არ შეიძლება მეპურეს ანდო მეწაღეობა და პირიქით. თუმცა, ხშირად, მოტივაცია იმაზე დიდ როლს თამაშობს, ვიდრე გამოცდილება, მაგალითად, მე მიყვარს მიწასთან მუშაობა, ენერგია მემატება, კმაყოფილების განცდით ვიძინებ შემდეგ, ასევე, მომწონს, ავეჯის, ტვირთვის შეფუთვაში მონაწილეობის მიღება, დახარისხება კომპაქტურად და უსაფრთხოდ, მაგრამ არ მანიჭებს სიამოვნებას დალაგება.

საჭირო კადრი აუცილებლად იქ უნდა ეძებო, სადაც, მსგავსი ტიპის განცხადებებია, სადაც, მომსახურების სფეროს წარმომადგენლები, თუ დამსაქმებლები განცხადებებს ათავსებენ და ეცნობიან. აუცილებლად მიაქციე ყურადღება კომენტარებს, რომლებიც იმათ დაწერეს, ვინც უკვე ისარგებლა ამ მომსახურებით, ამ ადამიანების რეკომენდაციები ძალიან დაგეხმარება.

და ისევ გავიმეორებ, არასოდეს დაგავიწყდეს, კმაყოფილების განცდა სიცოცხლის ხანგრძლივობაზე რომ აისახება და ყველა ჯარისკაცს რომ შეუძლია გენერლობა, კი, ყველას, ვინც მიზნისკენ ნაბიჯ–ნაბიჯ სიარულს არ შეწყვეტს.