“კურიერის” ექსკლუზიური ინფორმაციით, ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია “კურიერს” საქართველოს ახალმა გენერალურმა პროკურორმა, გიორგი გაბიტაშვილმა დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, პირი თურქეთის ტერიტორიაზე, თურქმა სამართალდამცველებმა დააკავეს. გენერალური პროკურორის თქმით, დაკავებული უშუალოდ მკვლელობის შემსრულებელია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სამართლებრივი პროცედურები და მისი საქართველოს ტერიტორიაზე ექსტრადირება მოხდება.
“პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თურქეთის რესპუბლიკაში დაკავებულია ბესიკ ხარძიანის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებული ერთი პირი. უშუალოდ დანაშაულის აღმსრულებელი, რომელსაც ბრალი ედება ჯგუფურად შეკვეთილი მკვლელობის ჩადენაში. მიმდინარეობს საექსტრადიციო პროცედურები. მე იმედს გამოვთქვამ, რომ მალე დასრულდება ეს პროცედურები და დროულად წარსდგება მსჯავრდებული ქართული მართლმსაჯულების წინაშე”, – განაცხადა დღეს გიორგი გაბიტაშვილმა.
ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი თბილისში, საკუთარი საცხოვრებელი სახლის სადარბაზოსთან 2015 წლის 28 მარტს მოკლეს. მკვლელმა, რომელიც მოპედით მოძრაობდა, ბიზნესმენს სადარბაზოში ზურგიდან სამი ტყვია ესროლა. ხარძიანი რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბიზნესმენ ბესარიონ ხარძიანის, შეკვეთით განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ორი პირი – უკრაინის მოქალაქე, 1985 წლის 29 მაისს დაბადებული ფარიდ გურბანოვი და რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, 1973 წლის 4 სექტემბერს დაბადებული ოლეგ დოევი სასამართლომ დამნაშავედ ცნო და ორივე მათგანს დაუსწრებლად, 19-19 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. ხარძიანის მკვლელობაში მსჯავრდებულებზე ამ დრომდე ძებნა იყო გამოცხადებული, ვინაიდან მათ საქართველოს ტერიტორია დატოვებული ჰქონდათ. ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი გარდაცვალებამდე, 2011 წლის თებერვალში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს და პატიმრობიდან 2012 წლის დეკემბერში გათავისუფლდა. ხარძიანი ამტკიცებდა, რომ ამ პერიოდში მას კუს ტბის წილები ზეწოლით დაათმობინეს.
რუსთავი 2