რა გახდა ბათუმში ახალგაზრდა კაცის მკვლელობის მიზეზი? – რამდენიმე სავარაუდო ვერსიაზე საუბრობენ ადგილობრივები.
როგორც მეზობლები ამბობენ, მკვლელობა გამთენიისას მოხდა, დაპირისპირების ერთ-ერთი მიზეზად კი მუსიკის ხმამაღლა მოსმენას და ამაზე შენიშვნის გამოთქმას ასახელებენ.
არაფრის გამო მოკლეს ადამიანი. მუსიკა რომ იყო, ალბათ, მეზობელი გამოსულა და მუსიკა ჩაწიეთ, დაწიეთ ხმა, არ შეიძლება უკვე, უნდა დავისვენოთ, ხალხი მოდის, დღიურად ბინას ქირაობს და ცხოვრობს, ხომ უნდა დაისვენოს, გამოსულა მეზობლის კაცი, ხმა დაუწიეო, ამან ახლა, ვინც მოკლა იმან – შენ რა შუაში ხარ, შენ ვინ ხარ და დაიწყო მაგასთან ჩხუბი, ამას აწყნარებდა თურმე, არ გინდა ჩხუბი, ღამის 3-4 საათი იქნებოდა,“ – ამბობს ერთ-ერთი მეზობელი.
შსს-ს ინფორმაციით, 29 წლის პირმა 27 წლის კაცი დანის გამოყენებით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი კაცი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანამდე გარდაიცვალა. დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.