21 წლის ქეთევან ჯავახიშვილის მკვლელობის საქმის განმხილველმა მოსამართლემ, გიორგი გელაშვილმა ბრალდებულ ოთარ ცინდელიანის ადვოკატი გელა ტყეშელაშვილი 100 ლარით დააჯარიმა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატს კითხვების კორექტულად დასმისკენ მოუწოდა, თუმცა, მან მოკლული გოგონას მამას, კობა ჯავახიშვილს მოსამართლის გაფრთხილების მიუხედავად კითხვა მაინც დაუსვა, იცოდა, თუა არა, რომ მისი შვილი და ცინდელიანი მკვლელობის ღამეს ინტიმური ურთიერთობისთვის შეხვდნენ.
აღნიშნული კითხვა, ბრალდების მხარემ გააპროტესტა, ვინაიდან დაზარალებულის უფლებამონაცვლეს დაფიქსირებული ჰქონდა პოზიცია, რომ მისი შვილისა და ბრალდებულის ურთიერთობის შესახებ არ იცოდა.
მოსამართლემ ადვოკატს თავდაპირველად შენიშვნა მისცა, შემდეგ კი მოსამართლის მითითების დარღვევის გამო დააჯარიმა. ადვოკატის კითხვას მოკლული ჯავახიშვილის მამის გაღიზიანება მოჰყვა.
“მოწმემ შემაგინა, რეაგირება მოახდინეთ”,- განაცხადა ადვოკატმა, თავის მხრივ მოსამართლემ მოწმესაც თავშეკავებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ “კორექტული შეკითხვა იღებს კორექტულ პასუხს”.
ადვოკატის კითხვაზე, “რატომ გაგეპარათ იმ ღამეს შვილი, თუ ამბობთ, რომ ის არასდროს გატყუებდათ”, კობა ჯავახიშვილმა ასე უპასუხა -“წადი და კითხე ჩემს შვილს”, რასაც ადვოკატმა ასე უპასუხა – “შენ უფრო ახლოს ხარ და კითხე”.
დაცვის მხარის კითხვებამდე მოკლულის მამა, ბრალდების მხარემ დაკითხა.
“ქეთის თვალი ჰქონდა დალურჯებული და ჩვენდა სამწუხაროდ, მოგვატყუა, რომ ფანჯარას მიარტყა. როგორც გაირკვა, ბრალდებულმა გაარტყა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ ქეთი გულჩათხრობილი იყო. იმ დილით ქეთი ტელეფონს არ პასუხობდა, მაგრამ ზარი გადიოდა. 10 საათი იქნებოდა, სახლიდან რომ გავედი, მეზობელმა დამიძახა, მკვდარი აგდიაო, მაღლიდან დავინახეო, ბიჭი მეგონა, სასწრაფოს დაურეკეთ-მეთქი. ორმოში ზედა მხრიდან დავინახე, დავბრუნდი, ვიფიქრე, იქნებ ცოცხალია და რამე საშველი იყოს-მეთქი, გრძელი თმები დავინახე, სახით ძირს იყო, გადმოვატრიალე და ჩემი შვილი იყო, დასახიჩრებული. “ჯემპრი” ჰქონდა აწეული, წელის და ყელის არეში ჰქონდა დიდი ჭრილობა, სახე და ხელები დასისხლიანებული ჰქონდა….ეს გველი ყოფილა და არა ნათესავი, გულშიც ვერ გავივლებდი ამას”,- განაცხადა კობა ჯავახიშვილმა.
სასამართლოში ჩვენება მისცა ასევე მოკლულის დედამ, ნინო ჯავახიშვილმა. მან მისი შვილის, ქეთი ჯავახიშვილის სახეზე არსებულ დაზიანებაზეც ისაუბრა, რომელიც ესპანეთში სავარაუდოდ, ბრალდებულმა მიაყენა.
“სიჩქარეში დავარტყი ფანჯრის საკეტსო, მითხრა და თვალი ჰქონდა გასივებული. ქეთის მეგობრისთვის უთქვამს, მშობლებს ვერ გავუმხილე და ეს ტრავმა ოთარ ცინდელიანმა მომაყენა, დედამისი რომ არ შესწრებოდა, შეიძლება მოვეკალიო”,- განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისი თქმით, ქეთი ჯავახიშვილმა ესპანეთიდან ჩამოსვლის შემდეგ ფსიქოლოგთან დაიწყო სიარული. დედის თქმით, მას შვილმა უთხრა, რომ ისეთი პიროვნება მოსწონდა, რომელზეც ის უარს ეტყოდა. სასამართლო პროცესზე მოკლულის დედამ პოზიცია დააფიქსირა სასჯელის ნაწილთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ცინდელიანი უმკაცრესად უნდა დაისაჯოს.