შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 2 პირი დააკავეს.
„წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1982 წელს დაბადებული შ.დ. და 1984 წელს დაბადებული, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი თ.ს.
სამართალდამცველებმა დაკავებულების პირადი, ავტომობილისა და საცხოვრებელი ბინების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული ნარკოტიკული საშუალება „ალფა პვპ“ და „მეტადონი“, ასევე ნარკოტიკების დაფასოებისთვის საჭირო ნივთები.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს“, – აცხადებენ სამინისტროში.
როგორც ირკვევა, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების არაერთგზის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ორ პირს შორის ერთ-ერთი “ევროპული საქართველოს“ წევრის, ბესო დონაძის ძმა, 42 წლის შოთა დონაძეა. მასთან ერთად ამავე დანაშაულზე დაკავებულია წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი 40 წლის მამაკაცი. მათ 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.