უმძიმესი ავარია მოხდა წუხელ წალკაში, რომელსაც ოთხი ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა.შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტებით, წალკიდან სოფელ კოდის მიმართულებით მოძრავი “ფორდის“ მარკის ავტომობილი მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ორი მსუბუქი ავტომანქანიდან გადმოსულ ოთხ მოქალაქეს შეეჯახა. შეჯახების შედეგად მიღებული დაზიანებებით სამი პირი შემთხვევის ადგილზე, ხოლო მეოთხე კლინიკაში გარდაიცვალა.
დანაშაულში ბრალდებული ი.გ. დაკავებულია.
გარდაცვლილები არიან ლაშა ქალდანი, გოჩა ვიბლიანი, ამირან გურჩიანი და გია ფირცხელიანი.
“ძალიან ცუდი ამბავი მოხდა, საშინელი დღე გათენდა, 4 ახალგაზრდა კაცი აღარ არის ცოცხალი. ბიჭებს მცირეწლოვანი შვილები დარჩათ. ამბობენ, ერთი მრავალშვილიანი მამა იყო და 5 შვილი ჰყავდაო. გლოვაა წალკაში, ყველა განიცდის ამ საშინელ ამბავს. გარდაცვლილებიდან ორს ვიცნობდი, გია ფირცხელიანს და ამირან გურჩიანს. ძალიან მეცოდება ყველა და მათი ოჯახები. აქციაზე იყვნენ გუშინ წასულები და იქიდან სახლში ბრუნდებოდნენ, როცა ეს ფაქტი მოხდა. ძალიან ვწუხვართ ყველანი და დიდი დანაკლისია ასეთი ახალგაზრდების დაღუპვა“, – ამბობს ადგილობრივი.
მისი თქმით, ცხედრებს ექსპერტიზა თბილისში ჩაუტარდათ. ერთის ცხედარი სახლში უკვე მიასვენეს.
მართალია დილით წალკის მერის მოადგილემ უარყო ამ ბიჭების აქციაზე ყოფნის ფაქტი, მაგრამ გარდაცვლილების ნათესავები ადასტურებენ, რომ ისინი ნამდვილად აქციაზე იყვნენ და იქიდან ბრუნდებოდნენ. ჩვენ ამ ინფორმაციის გადამოწმება კიდევ ერთხელ ვცადეთ წალკის მერთან, ასევე მის მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, მაგრამ ყველამ ტელეფონი გაგვითიშა და პრესსამსახურში გადაგვამისამართა.
მომხდარ ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.